სამართალი
ზუგდიდელი გარემოვაჭრეები თბილისისკენ ფეხით მოემართებიან

1a-sula-mtთბილისი, 5 ივნისი, საქინფორმი. რეგიონული კორესპონდენტი ნიკო დადიანი ზუგდიდიდან იტყობინება: გარემოვაჭრეთა ერთდღიანმა აქციამ ზუგდიდში უშედეგოდ ჩაიარა, რის გამოც მათ გუბერნიის შენობის წინ აქციას პერმანენტული სახე მისცეს და იქ მეორე და მესამე დღესაც შეიკრიბნენ.

ორი დღის განმავლობაში ისინი ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვდნენ. ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ თავის დაწვაც სცადა, რამდენიმე მათგანი კი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი აქციის მონაწილეებს არ შეხვდა. მისი თქმით, „გარემოვაჭრეების პრობლემა გუბერნატორის გადასაწყვეტი არაა“, თუმცა პერმანენტული პროტესტის შემდეგ, აქციის მესამე დღეს, 2012 წლის 3 ივნისს, გუბერნატორმა მოვაჭრეები მიიღო.

თავად მისაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა და მათ არც შეხვედრაზე დასწრების უფლება მისცა.

შეხვედრიდან გამოსულმა მოვაჭრეებმა კი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, რომ გარევაჭრობის გაგრძელების შემთხვევაში, გუბერნატორი მათ სანქციებით დაემუქრა და განუმარტა, რომ 500-500 ლარით დააჯარიმებდა.

ამასთან, კვირას აქციაზე სამართალდამცველებიც მივიდნენ, რომელთა შორის ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე ლევან ქირიაც იყო. ქირიამ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით დაემუქრა.

მიუხედავად მუქარისა, გარემოვაჭრეების აქცია გუბერნიის შენობასთან არ შეწყვეტილა. ორშაბათს კი აქციის მონაწილეებმა თბილისის მიმართულებით ფეხით მსვლელობა გადაწყვიტეს, რათა დახმარება ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვონ.

ნიკო დადიანი

საქინფორმი

1a-sula3 1a-sula4
1a-sula5 1a-sula6