აქტუალური
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადება

1Sexvedra-aqtualuri-1თბილისი, 5 ივნისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსამდივნოდან ატყობინებენ, 2 ივნისს გაიმართა საქართველოს უშიშროების საბჭოსთან შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდნენ ზაქარია ქუცნაშვილი და თეა წულუკიანი.

ცნობისათვის: საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად,  შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ევალება საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების პრევენცია და დარღვევებზე რეაგირება. კომისიის თავმჯდომარეა უშიშროების საბჭოს მდივანი გიორგი ბოკერია, ხოლო კომისიის წევრები არიან ეკატერინე ზღულაძე (შინაგან საქმეთა სამინისტრო), თინა ბურჯალიანი (იუსტიციის სამინისტრო), პაპუნა პეტრიაშვილი (ფინანსთა სამინისტრო), ჯამბულ ბაკურაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო), სერგი კაპანაძე (საგარეო საქმეთა სამინისტრო), თამარ კინწურაშვილი (ეროვნული უშიშროების საბჭო).

უწყებათაშორისი კომისია ურთიერთობს ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომლებიც კომისიას საარჩევნო დარღვევების, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ ინფორმაციას აწვდიან პრევენციისა და სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების მიზნით.

კომისიის მუშაობის საბოლოო მიზანი თავისუფალი არჩევნებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაა.

როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, სამუშაო შეხვედრას ხელისუფლების მხრიდან ესწრებოდნენ გიორგი ბოკერია, ეკატერინე ზღულაძე, სერგი კაპანაძე და თამარ კინწურაშვილი. ამ შეხვედრაზე გაიცვალა მოსაზრებები მუშაობის პრინციპებზე, მეთოდებსა და კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმებზე.

კერძოდ, კოალიციის წარმომადგენლების მხრიდან წამოიჭრა შემდეგი  საკითხები:

1.კომუნიკაციის  გამჭვირვალობის აუცილებლობა;

2.კომისიის მიერ დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, რეკომენდაციის წერილობითი ფორმით გაცემა, რათა საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, გონივრულ ვადაში მოხდეს შესაბამისი ღონისძიების გატარება, დარღვევის აღმოფხვრა და დამრღვევი პირის პასუხისგება;

3.კოალიციის მხრიდან არა მხოლოდ კოალიციის წევრების, არამედ იმ პირების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაც, რომლებიც არ არიან კოალიციის წევრები და თავიანთი განსხვავებული მოქალაქეობრივი პოზიციის გამო აღმოჩნდებიან დარღვევის მსხვერპლნი;

4.იმ ვადის განსაზღვრა, რაც  კომისიას დარღვევის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან  პასუხის გაცემისთვის სჭირდება.

კოალიციის წარმომადგენლებმა ამავე შეხვედრაზე კომისიისგან რეაგირება მოითხოვეს მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე (თიანეთი), კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების – მამუკა ქარდავას (ხობი), მევლუდ შუშანაშვილის (თიანეთი), ტარიელ ივანიშვილის (ასპინძა) და კოალიციის თეთრიწყაროს ოფისის საქმეებზე.

უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან ზემოხსენებულ პირველ სამ საკითხზე მიღებულ იქნა დადებითი პასუხი. კერძოდ, კომისიამ მზადყოფნა გამოთქვა გამჭვირვალე ურთიერთობებისთვის, დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, რეკომენდაციის წერილობითი ფორმით გაცემაზე და იმ პირების შესახებ ინფორმაციის მიღებაზეც, რომლებიც არ არიან კოალიციის წევრები, მაგრამ მათ მიმართ განხორციელდა შესაბამისი დარღვევა ან დანაშაული.

რაც შეეხება მე-4 საკითხს იმის შესახებ, თუ რა ვადაში იქნება წერილობით გაცემული პასუხი მიწოდებული ინფორმაციების შესახებ, კომისიამ განაცხადა, რომ სჭირდება დამატებითი დრო პოზიციის შესამუშავებლად.