საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანთან თანამშრომლობის შესახებ

1vaSakiZe-sazogadoeba-2თბილისი, 5 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, ირანთან თანამშრომლობის კუთხით საქართველო მისდევს საერთაშორისოდ აღიარებულ პოლიტიკას, რომელიც ასახულია გაეროს შესაბამის რეზოლუციებში.

კითხვაზე – განიხილება თუ არა ირანის საკითხი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში 5 ივნისს ბათუმში ჰილარი კლინტონთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, ვაშაკიძემ უპასუხა: „ირანის თემა მწვავე და აქტუალურია უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ბოლო დროს საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის თვალსაზრისით. ბუნებრივია, ამ პროცესში საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა სახელმწიფოები, მათ შორის, რეგიონის სახელმწიფოები და საქართველო“.

„საქართველო მისდევს საერთაშორისოდ აღიარებულ პოლიტიკას, რომელიც გამოხატულია გაეროს შესაბამის რეზოლუციებში და ასრულებს იმ მოთხოვნებს, რაც ამ რეზოლუციებით არის განსაზღვრული“, – განაცხადა მან.

„ამავე დროს, საქართველო აწარმოებს ურთიერთობას და თანამშრომლობას ირანთან იმ სფეროებში, რომლებიც საერთაშორისო რეჟიმით დაშვებულია და პრობლემები ამასთან არავის არ აქვს. ეს არის ეკონომიკის შესაბამისი მიმართულებები, კულტურული თანამშრომლობა, ტურიზმის სფეროში და ასე შემდეგ“, – განაცხადა ვაშაკიძემ და დასძინა, რომ არავის უთხოვია საქართველოსთვის ირანთან ამ ტიპის თანამშრომლობის შემცირება.

„ბუნებრივია, ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა გაცვლა-გამოცვლა და გარკვეული საუბრები საერთაშორისო არენაზე იმართება, მათ შორის, საქართველოსთანაც და ეს ჩვეულებრივი ყოველდღიური პროცესია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.