საზოგადოება
მოლაპარაკებები ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ

1vizebi-sazogadoeba-1თბილისი, 5 ივნისი, საქინფორმი. ევროკომისიის განცხადებით, საქართველომ და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე დიალოგი დაიწყეს, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის ყველა შესაბამისი პირობის შესწავლა.

ამ განცხადებას წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძისა და საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომის შეხვედრა ბრიუსელში.

„ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი იმ სფეროებს მოიცავს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება დოკუმენტების უსაფრთხოებას, საზღვრის მართვას, მიგრაციას, გადაადგილებას  და თავშესაფარს, ასევე, სხვა საკითხებს, როგორიცაა: კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ადამიანის უფლებათა, უმცირესობების დაცვა და ანტიდისკრიმინაცია, რაც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ გადაადგილება უსაფრთხო და კარგად ორგანიზებულ გარემოში მოხდეს“, – ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.

მოლაპარაკებების მთავარი ინსტრუმენტი იქნება ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა – დეტალური მოთხოვნები, რაც ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად.

ევროკომისიის ცნობით, საქართველო ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას წელს მოგვიანებით წარადგენს.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ წარმოვაჩენთ ჩვენს დიდი ხნის მზადყოფნას – გავაძლიეროთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის, – განაცხადა  ევროკომისარმა საშინაო საქმეთა საკითხებში სესილია მალმსტრომმა. – რა თქმა უნდა, ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში. ის აღიარებს იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ განახორციელა სხვადასხვა სფეროში, რომელთაც ევროკავშირთან მომავალ უვიზო მიმოსვლასთან აქვს კავშირი, და შემდგომ სტიმულს წარმოადგენს საქართველოსთვის, რათა ეს რეფორმები განახორციელოს“.

ევროკავშირის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზები არ სჭირდებათ – საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებები აქვს.

აპრილში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის საქართველოს ევროკავშირის სახელმწიფოების საკონსულოებში ვიზებზე უარის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. უარის თქმის მაჩვენებელი 2007 წელს 10.8%-ისა და შარშან 15.3%-ის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო 2009 წელს 17.2%-იან პიკს მიაღწია.

კითხვაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზებზე უარის თქმის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებით მალმსტრომმა განაცხადა: „ჩვენ მოგვიანებით ცვლილება დავინახეთ ამ ტენდენციაში“.

„მე სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტენდენცია კლებას განაგრძობს და დღეს (ვიზების ლიბერალიზაციაზე დიალოგის, –საქინფორმი) დაწყება მნიშვნელოვანი ელემენტია, რაც უზრუნველყოფს, რომ (უარის თქმის, – საქინფორმი) მაჩვენებლები კვლავაც შემცირდება“, – განაცხადა მალმსტრომმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებების დაწყება ძალიან ძლიერი სიგნალია იმისა, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმავოს.

„ამრიგად, ვიმედოვნებ, რომ ეს (უარის თქმით მაღალი მაჩვენებელი, –საქინფორმი) შეიცვლება და ამას სტატისტიკურადაც ძალიან მალე დავინახავთ“, – განაცხადა მან.

აღმოსავლეთპარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის საქართველო მესამე იქნება მოლდოვასა და უკრაინის შემდეგ, რომელიც ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედი გეგმას აამოქმედებს.