სამართალი
თბილისი, 5 ივნისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“აქცია ქუთაისში 10 ივნისს 18.00 საათზე დაიწყება.
როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის მერიამ უკან დაიხია და კოალიციას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 11 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით აქციის ჩატარების უფლებას აძლევდა, „ქართული ოცნება“ არ ცვლის თარიღს და აქციას დავით აღმაშენებლის ძეგლთან, ე.წ. 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარებს.„ეს იქნება ისეთივე ამაღლებული და შთამბეჭდავი აქცია, როგორიც იყო 27 მაისს თბილისში. მერიას შევატყობინეთ, რომ აქციას 10 ივნისს დავით აღმაშენებლის ძეგლთან ჩავატარებდით. ეს არის ჩვენი გაფრთხილება, პრინციპული ნებართვა მერიისგან მიღებული გვაქვს. ამ ტერიტორიას მერია მთელი თვის განმავლობაში გვითმობდა და მიუხედავად მისი უკანდახევისა, არ ვაპირებთ ამით სარგებლობას და თარიღს არ ვცვლით“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ 10 ივნისს დაგეგმილ აქციაზე ქუთაისში ძალიან ბევრ მხარდამჭერს ელოდება.