სამართალი
თბილისი, 5 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში აღნიშნა, რომ სამინისტრო აგრძელებს 13 თებერვალს მომხდარი აფეთქების მცდელობის ფაქტის გამოძიებას, რომლის სამიზნეც თბილისში ისრაელის საელჩოს ადგილობრივი თანამშრომელი იყო.
„მცდელობის უკან აშკარად იკვეთება უცხოური კვალი“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში, რომელშიც დეტალები არ არის დაკონკრეტებული.იმავე დღეს, როდესაც თბილისში ისრაელის საელჩოს მძღოლმა თავის „Hyundai Getz“-ში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა, ნიუ დელიში 13 თებერვალს ისრაელის საელჩოს მანქანაზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შედეგადაც ისრაელის დიპლომატის მეუღლე და სამი ადამიანი დაშავდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ნიუ დელიში მომხდარ აფეთქებასა და თბილისში აფეთქების მცდელობაში ირანი დაადანაშაულა.
ირანმა უარყო ბრალდებები და მას თეირანის წინააღმდეგ ისრაელის ფსიქოლოგიური ომის ნაწილი უწოდა. თეირანის თქმით, ისრაელმა თავად მოაწყო ინციდენტები, რათა ირანის მეგობრული ურთიერთობები გაეფუჭებინა ინდოეთსა და საქართველოსთან.