პოლიტიკა
თბილისი, 5 ივნისი, საქინფორმი. ჰილარი კლინტონის ვიზიტი ნათელი სიგნალია იმ მხარდაჭერისა და განწყობისა, რომელიც აშშ-ის საქართველოს მიმართ აქვს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტი მიუთითებს იმ ღრმა და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობაზეც, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს. „ეს, ასევე, დასტურია აშშ-ის განწყობისა – მხარი დაუჭიროს ქართველი საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის უკეთესი მომავლის შექმნაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ მშვიდობასა და თავისუფლებაში. ვიზიტი ასახავს, ასევე, იმ პარტნიორობას, რომელიც ამერიკასა და საქართველოს აკავშირებთ საქართველოს ფარგლებს მიღმა. ამერიკა მადლიერია იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს საერთაშორისო კოალიციის საქმიანობაში, ავღანეთში შეაქვს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ თავგანწირვას და თავდადებას, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები იჩენენ“, – აღნიშნა ჯონ ბასმა.