რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქმა სულთმოფენობის დღესასწაული მადლიერების დღედ გამოაცხადა

1sulTmpf-religia-2თბილისი, 4 ივნისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინდელი სადღესასწაულო დღე მადლიერების დღედ გამოაცხადა. როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა საკვირაო წირვის დასრულების შემდგომ ქადაგებაში ბრძანა, ეს დღე, რომელიც სულიწმიდის მოფენის გარდა წმიდა სამების დღესასწაულია, მთელი საქართველოსთვის მადლიერების დღე უნდა იყოს, რათა ქართველმა ერმა მადლობა შესწიროს წმიდა სამებას მისი დიდი წყალობისთვის.

„მადლიერების დღე ის დღეა, როცა ჩვენი ერი მადლობას ეტყვის უფალს და უფალი მეტ წყალობას მოიღებს ჩვენზე. უნდა გვახსოვდეს, რომ სულიწმიდის მოფენის დღეს, რომელიც არის, ასევე, წმიდა სამების დღესასწაული, იყოს ჩვენი ერისა და ქვეყნის მადლიერების დღე უფლის წინაშე“, – ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ამ დღესასწაულის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული მსოფლიოში. ილია მეორემ მადლობა გადაუხადა უფალს და წმიდა სამებას იმისთვის, რომ იგი იფარავს ქართულ ეკლესიას და ქართველ ხალხს. „ხშირად ვფიქრობთ, რით დავიმსახურეთ ეს მადლი და წყალობა უფლისა და მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ეს არის მადლი სულისა წმიდისა, ღვთის საჩუქარი და წყალობა“, – აღნიშნა უწმიდესმა და უნეტარესმა.

ტრადიციულად, კათოლიკოს-პატრიარქმა ხუთი გვარი დალოცა: დავითაშვილები, ლაღიძეები, კობიძეები, ტარყაშვილები და ყანდაშვილები.

იქვე მისგან სიგელები გადაეცათ საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსის 5 გამარჯვებულს (კონკურსი ქართულ ისტორიულ დიასპორებს შორის ჩატარდა სახელწოდებით – „გურჯები, ფერეიდნელები, ლაზები და ინგილოები“), დღეს კი მათ უნივერსიტეტში ფულადი ჯილდოებიც გადაეცემათ.