აქტუალური
სოხუმი ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს

1suxumi-aqtualur-3თბილისი, 4 ივნისი, საქინფორმი. აფხაზეთის ხელისუფლება ქართულ სპეცსამსახურებს დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის შეგზავნაში ადანაშაულებს, რომელმაც 28 მაისს გალის კაფეში მსხვერპლიანი თავდასხმა მოაწყო.

მილიციის ორი თანამშრომელი და ერთი ადგილობრივი მკვიდრი იქნა მოკლული თავდასხმის დროს, როცა ორმა უცნობმა პირმა კაფეში უმისამართო სროლა ატეხა.

„დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინეს საქართველოს რესპუბლიკიდან სპეცსამსახურების დავალებით შემოგზავნილმა დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის წევრებმა“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით.

„მოწმეთა ჩვენებით, დამნაშავეები საქართველოდან მოვიდნენ, ერთმანეთში ქართულ ენაზე ლაპარაკობდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, მარტში გალის რაიონის სოფელ რეპში დააკავეს „ქართული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის“ წევრი, საქართველოს მოქალაქე მალხაზ რურუა, რომლის ჩვენებითაც, „აფსნიპრესის“ თანახმად, ის იმ ოთხკაციან ჯგუფში შედიოდა, რომელიც აფხაზეთში დევი ბუავას ლიკვიდაციის მიზნით შეაგზავნეს. ბუავა მილიციის ის თანამშრომელია, რომელიც 28 მაისის თავდასხმის დროს იქნა მოკლული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა უარყო სოხუმის ეს ბრალდებები. „ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, აფხაზებსაც და რუსებსაც, თავი შეიკავონ ამგვარი უსაფუძვლო და უაზრო ბრალდებებისგან“, – განაცხადა მან.