საზოგადოება
გორში „ქართული ოცნების“ ოფისი გატეხეს

1gori-sazogad-2თბილისი, 4 ივნისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნება“ გორის ორგანიზაციის ოფისის გატეხვის ფაქტს დაშინების მცდელობას უკავშირებს. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ოფისიდან წაღებულია ის მასალები, რომლებიც ღირებულია ინფორმაციულად და არა მატერიალურად. აქედან გამომდინარე, ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ მომხდარის მიზანი ინფორმაციის მოპოვება და დაშინება იყო.

მისივე ცნობით, ოფისიდან წაღებულ მასალებში თავმოყრილია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მონაცემები. „ალბათ, ამის გამოყენება უნდათ შემდგომი ზეწოლისთვის“, – დასძინა ფანჯიკიძემ.

კოალიცია „ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის წარმომადგენლებს გუშინ, დილით, 04:30 საათისთვის, ოფისი გატეხილი დახვდათ. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა შენობაში მინის ჩამსხვრევის შედეგად შეაღწიეს და ორი კომპიუტერი და საბუთები წაიღეს.

მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, პოლიციას ჯერჯერობით არაფერი დაუდგენია და მხოლოდ დანაშაულის გახსნის პირობას იძლევა.