პოლიტიკა
სააკაშვილი: „თურქეთი – მთავარი რეგიონული ლიდერი“

1saak-politika-3თბილისი, 4 ივნისი, საქინფორმი. პრეზიდენტი სააკაშვილი სტამბულში გაეროს ცივილიზაციების ალიანსის პარტნიორების ფორუმის ფარგლებში თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეპ ტაიიპ ერდოღანს შეხვდა.

სააკაშვილმა და ერდოღანმა ორი ქვეყნის ურთიერთობისა და სხვადასხვა სტრატეგიული და ეკონიმიკური პროექტის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და დასძინა, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა თავისი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრების გზაზე ქვეყანას წარმატება უსურვა.

სტამბულში 31 მაისს გაეროს ცივილიზაციების ალიანსის პარტნიორების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა რეგიონში თურქეთის როლზე გაამახვილა ყურადღება და მიესალმა მას როგორც მთავარ რეგიონულ ლიდერს მშვიდობისთვის ბრძოლის საქმეში.

„ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მთელ ახლო აღმოსავლეთში, ახლო აღმოსავლეთის უფრო ფართო რეგიონში თურქეთი მთავარი რეგიონალური ლიდერი, ძირითადი რეგიონალური ლიდერი ხდება მშვიდობისთვის ბრძოლის საქმეში და, ასევე, მოვლენების განსხვავებულად დანახვის, რეგიონისთვის ახალი მიმართულების უზრუნველყოფის საქმეში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენ უნდა დავინტერესდეთ, რატომ ხდება ეს. არის თურქეთი რეგიონის უძლიერესი სამხედრო ძალა? ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალაა, თუმცა რეგიონში სხვა ძალებიც არიან, რომლებიც უფრო მეტად აქტიურობენ, ვიდრე თურქეთი. არის თურქეთი მთავარი ეკონომიკური ძალა? ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს გასაოცარი სახელმწიფოა, მაგრამ იქ, ასევე, არის წარმოდგენილი ბევრი სხვა ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე სახელმწიფო. მე ვფიქრობ, რომ ის, რაც თურქეთს გააჩნია, გარდა იმისა, რომ ძლიერი სამხედრო და ეკონომიკური ძალაა, არის გასაოცარი იდეები და გასაოცარი მოდელი მთელი რეგიონისთვის“, – დასძინა სააკაშვილმა.