„ამავე დროს, კომისიამ განსაზღვრა სახელმწიფო მოხელეთა კატეგორია, რომლებსაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალებათ. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან: შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები და საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლით განსაზღვრული სხვა პირები“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
შეზღუდვები არ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, როგორებიც არიან: პარლამენტის წევრები, პრეზიდენტი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, გამგებლები, გუბერნატორები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და მთავრობათა წევრები. ამავე დროს, კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ თანამდებობის პირებს არ აქვთ უფლება, სამსახურებრივად დაავალდებულონ მათი ხელქვეითები, მონაწილეობა მიიღონ ან არ მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიებში.
კომისია აცხადებს, რომ საჯარო მოხელეების ან მათი ხელქვეითების გათავისუფლება მათი ან მათი ნათესავების პოლიტიკური შეხედულებების გამო დაუშვებელია. ამავე დროს, აღნიშნავს, რომ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როცა პოლიტიკური თანამდებობის პირს არსებითი აზრთა სხვადასხვაობა აქვს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურის ხელმძღვანელთან უწყებაში მიმდინარე პროცესების თაობაზე. „ასეთ შემთხვევებში გათავისუფლება უნდა უკავშირდებოდეს მხოლოდ უწყებრივ პოლიტიკას და შიდა საკითხებს, და არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიღმა გამოხატულ პოლიტიკურ სიმპათიებს თუ ანტიპათიებს“, – განმარტავს კომისია.