სამართალი
ზუგდიდელი გარემოვაჭრეები - დევნილები და შვილმკვდარი დედები – ლუკმაპურის გარეშე!

1garemovachreebi--MTზუგდიდი. 4 ივნისი. საქინფორმი. საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი ნიკო დადიანი ზუგდიდიდან იტყობინება: 1 ივნისს, დილით, ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეებს დაკავებულ ადგილებზე მუშაობის უფლება არ მისცეს. როგორც გარემოვაჭრეები აცხადებდნენ, ადგილობრივი ხელისუფლება მათ ბაზრის ტერიტორიაზე შესვლას და ვაჭრობის იქ გაგრძელებას სთავაზობდა, თუმცა საქინფორმის კორესპონდენტმა აღნიშნული ტერიტორია მთლიანად დაათვალიერა და აღმოჩნდა, რომ იქ ანტისანიტარიაა. ამასთან, ზუგდიდის გამგეობისა და ბაზრის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ტერიტორიაზე არც იმდენი ადგილია, რომ ყველა მათგანის დასაქმება მოხერხდეს. სწორედ ამ ორი გარემოების გამო ამბობენ გარემოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე მუშაობაზე უარს.

გარემოვაჭრეებს წინა დღეს გამგეობის წარმომადგენლებმა ბლანკები დაურიგეს, რომელთა მიხედვითაც იმის შესახებ აფრთხილებდნენ, რომ თუ 2012 წლის 1 ივნისიდან გარევაჭრობას არ შეწყვეტდნენ, 500-500 ლარის ოდენობის ჯარიმას დააკისრებდნენ. ბლანკებზე მოვაჭრეებს ხელიც მოაწერინეს, თუმცა ბლანკებს არც რაიმე იურიდიული დოკუმენტის სახე და არც იურიდიული ძალის დამადასტურებელი ბეჭედი ჰქონდა. არადა, მოვაჭრეები, რომელთა უმეტესობაც მსგავს საკითხებში არცთუ კარგადაა ჩახედული, საკმაოდ შეშინდნენ.

აღსანიშნავია, რომ გარევაჭრობის აკრძალვას განსაკუთრებით აქტიურად ითხოვენ ის ადამიანები, რომელთაც ბაზრის ტერიტორიაზე ადგილი აქვთ გამოყოფილი. როგორც ერთ-ერთმა მოვაჭრემ საქინფორმს განუცხადა, მოვაჭრეებსა და პოლიციას შორის პარასკევს, დილით, ამტყდარ აჟიოტაჟში ბაზრის მოვაჭრეებიც მონაწილეობდნენ და მათი მხრიდან გარემოვაჭრეების მიმართ შეურაცხყოფასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა პოლიციას შესაბამისი ზომებისთვის არ მიუმართავს. „ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ მაინც გაშალა თავისი საქონელი გასაყიდად. ბაზრიდან ერთი ქალბატონი გამოვიდა და ხილით სავსე დახლი აუყირავა. ესაა, შვილო, სამართალი? არავის იმ ქალისთვის პასუხი არ მოუთხოვია. ლუკმაპურის საშოვნელად ვართ გამოსული, აქ უმეტესობა შვილმკვდარი დედა ან დევნილია, მაგრამ ჩვენი არავის ესმის. სამაგიეროდ, მერე საარჩევნოდ ჩვენი ხმები მოუნდებათ“, – აცხადებს გარემოვაჭრე მიმოზა კონჯარია საქინფორმთან საუბარში.

პარასკევს, 10:00 საათისთვის, გარემოვაჭრეები კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისთან შეიკრიბნენ და დახმარება ოპოზიციის წარმომადგენლებს სთხოვეს. მათ კოალიციის ადგილობრივი წარმომადგენელი, ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია ალასანია შეხვდა, რომელმაც განუმარტა, რომ საკრებულოსთვის მიემართათ. ერთ საათში მოვაჭრეებმა ზუგდიდის გამგეობის წინ გადაინაცვლეს, სადაც აქცია მოაწყვეს და გამგებელ ალექსანდრე ქობალიასთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ – მათ მხოლოდ გამგებლის მოადგილე თენგიზ შანავა და ზუგდიდის ბაზრის დირექტორი გიორგი კანკია შეხვდნენ, რომელთაც მოვაჭრეებს სამუშაოდ კვლავ ბაზრის ტერიტორია შესთავაზეს. ამის შემდეგ გარემოვაჭრეებმა გამგეობის შენობაში ერთად შესვლა სცადეს, რასაც უწყების დაცვის თანამშრომლების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ – ვერცერთმა მათგანმა შენობაში ვერ შეაღწია.

აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ქალბატონი შეუძლოდაც გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანების გამოძახება გახდა საჭირო. „აღარ მინდა სიცოცხლე, ერთი ჭიქა ბენზინი მომეცით ვინმემ და თავს დავიწვავ!..“ „ერთი შვილი მკვდარი მყავს, ჩემს რძალს მკერდის კიბო აქვს და ამათმა მითხრეს, რატომ მეორე შვილიც არ მოგიკვდაო, ესენი ხომ ადამიანები არ არიან!..“ „ქობალიას არჩევნებზე კარგად სჭირდება ჩვენი ხმები და ახლა არ უნდა, რომ მოგვხედოს და დაგვასაქმოს. აქედან ფეხს არ მოვიცვლით, ვიდრე სამუშაოს არ მოგვცემენ, შიმშილობას დავიწყებთ!..“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ნაშუადღევს გარემოვაჭრეები სამართლის საძიებლად  საკრებულოსკენ დაიძრნენ, თუმცა ვერც იქ მიაღწიეს ვერანაირ შედეგს. ისინი აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება მათ დასაქმებას არ უზრუნველყოფს, უვადო შიმშილობას დაიწყებენ.

ნიკო დადიანი

საქინფორმი

1garemovachreebi1 1garemovachrebi2
1garemovachreebi3 1garemovachreebi4
1garemovachreebi5 1garemovachreebi6