სამართალი
ციხეებში არასათანადო მოპყრობა კვლავ გრძელდება

1patimar-samarT-3თბილისი, 1 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის მიხედვით, ციხეებში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი კვლავ აქტუალურია. ამის შესახებ საიასა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგების შეჯამებისას ისაუბრეს.

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროს ნათია იმნაძის თქმით, წლევანდელი მონიტორინგის შედეგები დიდად არ განსხვავდება გასული წლების მონიტორინგისგან; არასათანადო მოპყრობა ყველაზე აქტუალური გლდანის მე-8 და მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაშია.

„ბევრი მსჯავრდებული უარს ამბობს ოფიციალურ რეაგირებაზე და მხოლოდ ზეპირსიტყვიერად აფიქსირებს ამ ფაქტს. ჯერჯერობით იმ მიმართვებზეც, რომლებიც გაკეთდა, პასუხი არ ჩანს“, – განაცხადა ნათია იმნაძემ. მისივე თქმით, მონიტორინგის პროცესში სახალხო დამცველის აპარატისთვის ხელის შეშლის ფაქტები არ ყოფილა.

პრევენციისა და მონიტორინგის პროცესში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთი წლის წინ ჩაერთო. საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის თქმით, ასოციაცია მონიტორინგთან ერთად პატიმრებს უფასო იურიდიულ დახმარებასაც უწევს.

„მონიტორინგის შედეგებზე შემუშავებული გვაქვს რეკომენდაციები, რომლებიც სათანადო ორგანოებს გადაეგზავნება. ვფიქრობთ, რომ უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა, დაიხვეწოს გარკვეული ნორმები, რათა გაძლიერდეს ბრძოლა არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მონიტორინგის ჯგუფმა შეისწავლა ისეთი საკითხებიც, როგორიცაა პატიმრობის პირობები, დაწესებულების პერსონალი, სასჯელის მოხდის დახურული რეჟიმი და სხვა.