თბილისი, 1 ივნისი, საქინფორმი. როგორც გუშინ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, ის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების (შპს „ბურჯის“ და შპს „ელიტა ბურჯის“) მიერ 4 მილიონი ლარის ოდენობის 214 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის საკითხის მონიტორინგს ახორციელებს. საქმე ეხება „ტოიოტა ჰაი ლუქსის“, „ჰიუნდაის“, „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტობუსების შესყიდვას და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მომსახურების გაწევას.
„საკითხის შესწავლა განპირობებულია პოლიტიკური სუბიექტის საფინანსო დეკლარაციაში ფაქტობრივ ხარჯებთან შესაბამისობის თვალსაზრისით არსებული აუდიტორული რისკებით“, – განაცხადა კონტროლის პალატამ.სამშენებლო კომპანია „ელიტა ბურჯი“, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ფირმებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს, ერთხელ უკვე დააჯარიმა კონტროლის პალატამ 2.5 მილიონი ლარის ოდენობით – რაც ათმაგი ოდენობაა იმ თანხისა, რომელიც კონტროლის პალატამ ივანიშვილის მოძრაობისთვის უკანონო შემოწირულობად მიიჩნია (ჯარიმის ათმაგი ოდენობა ხუთმაგ ოდენობამდე შემცირდა მას შემდეგ, რაც პარტიების შესახებ კანონში ცვლილებები 29 მაისიდან ამოქმედდა).
თუ კონტროლის პალატა ჩათვლის, რომ ორმა კომპანიამ დაარღვია პოლიტიკური შემოწირულობის თაობაზე კანონმდებლობის დებულებები, მათ შესაძლოა განხილული თანხის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა გადაიხადონ – შედეგად ჯარიმის მოცულობა 20 მილიონი ლარი იქნება.
ამასწინათ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული ერთ-ერთი კომპანია „მენეჯმენტ სერვისი“ კონტროლის პალატამ 4.76 მილიონი ლარით დააჯარიმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით. „მენეჯმენტ სერვისის“ განცხადებით, მან წააგო კონტროლის პალატის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი და ახლა ის გაკოტრების პირასაა, ვინაიდან ფინანსური ჯარიმის მოცულობა კომპანიის მთელ აქტივებს აღემატება.
მთლიანმა ფინანსურმა ჯარიმებმა, რომლებიც ივანიშვილსა და მასთან ასოცირებულ კომპანიებსა თუ ინდივიდუალურ პირებს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით დაეკისრათ, 11.38 მილიონი ლარი შეადგინა.
ორი დღის წინ კონტროლის პალატამ გერმანიაში მცხოვრები ბიძინა გიორგობიანი 900 000 ევროთი დააჯარიმა იმ 90 000 ევროს შემოწირულობის გამო, რომელიც მან საქველმოქმედო ფონდი „ქომაგის“ სასარგებლოდ ჩარიცხა. კონტროლის პალატა მიიჩნევს, რომ „ქომაგი“ ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიციასთან არის დაკავშირებული. მართალია, ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ახალი საქველმოქმედო ფონდი შესაძლოა, ასოცირდებოდეს „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თქმით, გიორგობიანზე დაკისრებული ჯარიმა უკანონო იყო.