საზოგადოება
უწყებათაშორისი კომისია „ოპტიმიზაციის მოტივით“ თანამშრომელთა დათხოვნის შეჩერებისკენ მოუწოდებს

1komisia-sazog-3თბილისი, 1 ივნისი, საქინფორმი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია ადმინისტრაციულ ორგანოებს მოუწოდებს, საარჩევნო პერიოდში შეაჩერონ ოპტიმიზაციის პროცესი, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ბრალდებები.

31 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ეროვნული უშიშროების საბჭოსთან ახლად შექმნილი კომისია აცხადებს, რომ საარჩევნო გარემოზე დამკვირვებელ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა საჯარო სექტორიდან თანამშრომელთა გათავისუფლების პრობლემა, რაც, დამკვირვებელთა განცხადებით, სავარაუდო პოლიტიკური მოტივაციის ნიშნებს შეიცავს.

ასეთი ფაქტები ქართული მედიით შუქდება, ამასთან, აღწერილია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ მაისში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში. „1 აპრილიდან 4 მაისამდე პერიოდში დაფიქსირდა, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10 შემთხვევა, მუქარის – 9, დარბევის – 1, ბიზნესმენებსა და კერძო მესაკუთრეებზე პოლიტიკური მიზნით ზეწოლის – 6, ჟურნალისტების საქმიანობისათვის ხელის შეშლის – 3“, – ნათქვამია ანგარიშში. საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ მიერ აღწერილ ათივე შემთხვევას, საიდანაც ექვსი პედაგოგებს ეხებოდა, რეგიონებში ჰქონდა ადგილი და ყველა გათავისუფლებული პირი აცხადებდა, რომ ისინი „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირი თუ ირიბი კავშირის გამო გაუშვეს სამსახურებიდან.

სულ ბოლო შემთხვევა, რომლის ირგვლივაც გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივაციაზე გამოითქვა ვარაუდები, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილის მოხსნას უკავშირდებოდა.

„დაუშვებელია და კანონსაწინააღმდეგოა საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება მათი ან მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური პოზიციის გამო. შემთხვევა, სადაც მსგავსი ნიშნები იკვეთება, შესწავლის საგანი უნდა გახდეს“, – აცხადებს უწყებათაშორისი ჯგუფი.

თუმცა კომისია იქვე აღნიშნავს, რომ შეიძლება „ხშირად რთული იყოს უტყუარი ფაქტის დადგენა ამა თუ იმ პირის გათავისუფლების რეალური მოტივის შესახებ“, რადგან უწყებებში შესაძლოა ოპტიმიზაციის ლეგიტიმური პროცესი მიმდინარეობდეს.

ამის გამო კომისია ადმინისტრაციულ ორგანოებს, მათ შორის, საჯარო სკოლებს, საარჩევნო პროცესის გათვალისწინებით რეკომენდაციით მიმართავს, ამ ეტაპზე  დაგეგმილი ან შესაძლო ოპტიმიზაციის პროცესი შეაჩერონ და მხოლოდ დისციპლინური ან სხვა სახის დარღვევის შემთხვევებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები“.