სამართალი
სოფლის მეურნეობის განვითარებაში ჩადებულ მილიარდს „ნაციონალური მოძრაობა“ ჯართად აბარებს

1-jarTi-samart-1თბილისი, 1 ივნისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან ატყობინებენ, ხელისუფლებამ ალაზნის სარწყავი არხის შირაქში მიმავალი ხაზის დემონტაჟი დაიწყო. პოლიტიკური პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის მტკიცებით, ხელისუფლების წარმომადგენლები გასული საუკუნის მილიარდიანი ინვესტიციის რკინის კონსტრუქციას ჭრიან, რომელიც მდინარე ალაზნის ზედა სარწყავ არხზეა დამონტაჟებული და მაშინდელი პოლიტიკური ვითარების გამო ექსპლოატაციაში შესვლა ვერ მოასწრო.

„შირაქის ველების მოსარწყავი ობიექტი ძირითადად რკინის კონსტრუქციისგან არის აგებული. ხელისუფლებამ ის „სარფიან ლუკმად“ აქცია და მისი დემონტაჟი დაიწყო, რის შედეგადაც მოპოვებული რკინის კონსტრუქციები ჯართის მიმღებ პუნქტში ჩააბარეს. ძირითადი მონაკვეთებია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების – ველისციხის, ახაშენის, მუკუზანის – მიმდებარე ტერიტორიებზე გამავალი მეტალის უზარმაზარი მილები“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტიის კახეთის რეგიონული და რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები აპროტესტებენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რეგიონის გაძარცვის ფაქტს და მას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი დარგის – სოფლის მეურნეობის, შეგნებულ და მიზანმიმართულ განადგურებად აფასებენ.