ძვირფასო მკითხველო! გინდ დაიჯერე, გინდ არა. მაგრამ ყველაფერი, რასაც ახლა გიამბობ, ცოტა ხნის წინათ შემემთხვა... ზაფხულის ჩვეულებრივი თბილისური თბილი საღამო იდგა. ცხრასაათიანი საინფორმაციო ტელეგადაცემები უკვე მთავრდებოდა და თითქოს განსაკუთრებული არაფერი უნდა მომხდარიყო, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა. კარი გავაღე და საკუთარი სახლის ზღურბლზე დავინახე... თავად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი! წითელი ვარდით ხელში...
– მიშა??? – ძლივს ამოვღერღე...
– ჰო, მე ვარ, შენი პრეზიდენტი! – ჩვეული უშუალობით მიპასუხა მან, თანაც დასძინა, – ხომ წერ, სააკაშვილი ასეთი და ისეთი, ხალხისთვის მიუწვდომელიაო, ჰოდა, მეც ავდექი და მოვედი!სტუმარი ღვთისაა, მით უმეტეს – ასეთი მაღალი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. შოკისგან ცოტა გონს რომ მოვეგე, შინ შევიპატიჟე. ისიც შემოვიდა და, როგორც ასეთ სიტუაციაში ქართველებს გვჩვევია, სახელდახელო სუფრა გაიშალა - ღვინით, ტრადიციული სადღეგრძელოებით, და ჩვენ შორის გულითადი საუბარი გაიმართა:
– მაინც, რით დავიმსახურე ასეთი პატივი, ბატონო მიხეილ?
– ჯერ ერთი, დროა, ერთმანეთს შენობით მივმართოთ, მეორეც – შენს სტატიებს ვკითხულობ და შენ შესახებაც გავიკითხ-გამოვიკითხე: უნდა გითხრა, რომ, სხვებისგან განსხვავებით, ძირითადად, სიმართლეს წერ... და, რაც მთავარია, როცა მაკრიტიკებ, ღვარძლს არ ანთხევ! ამიტომაც დავინტერესდი: თუ ვინ იყო პუბლიცისტი და პოლიტოლოგი არნო ხიდირბეგიშვილი? რატომ „მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ“?! დღეს ხომ საქართველოში ჩემი მისამართით კრიტიკით, როგორც ცნობილია, პრობლემების გარდა ვერაფერს შეიქმნი – ვერც ფულს იშოვი, ვერც თანამდებობას მიიღებ და ვერც სახელს მოიხვეჭ... აი, ქსანში, საკანში კი შეიძლება მოხვდე! ხომ იცი, რომ ჩემი მლიქვნელები მშობელ მამას გაიმეტებენ საციხოდ, ოღონდ მასიამოვნონ. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს შენ, სულელი, შესაძლოა, სადღაც, ბნელ ადგილას, სულაც ნაცემი გიპოვონ, თანაც, სუბოტექსით ჯიბეში!
– ვიცი, მიშა, ვიცი! რას იზამ, ცხოვრებაში ბევრს იმიტომ ვერაფერს ვეწიე, რომ, გინდა მომკალი, მლიქვნელობა არ შემიძლია: როგორც გარკვეულ დონეს მივაღწევ ყოველგვარი ლობის გარეშე, კვლავ ყველაფრის ნულიდან დაწყება მიხდება... ლობიო მიირთვი, ბატონო პრეზიდენტო, დედაჩემის მომზადებულია.
– მეც ამას გეუბნები, რაღაც არანორმალური ხარ: სტუმრად პრეზიდენტი გეწვია, შენ კი, იმის მაგივრად, რომ მოინანიო, რაიმე მთხოვო, ვთქვათ, თანამდებობა (იცინის და ლობიოს მიირთმევს), შენსას მიერეკები. არა უშავს, არა უშავს, ეს ისე, ხუმრობით ვთქვი. მართალი გითხრა, შენისთანები მჭირდება კიდეც. ცოტა ხანს მოითმინეთ და მალე ყველაფერი კარგად იქნება.
– მოვითმინოთ, „უფრო მაგრად შემოვიჭიროთ ქამრები“?! კარგი რა, მიშა! ეს „სიმღერები“ ბევრჯერ მოგვისმენია – შევარდნაძისგანაც, ახლა შენგანაც ვისმენთ... დავიღალეთ ლოდინით, ნიახური ხომ არა ვართ, ამქვეყნად მეორედ რომ მოვიდეთ?! მე, კარგი, ჯანდაბას ჩემი თავი, ხალხს რას უშვრები?! ჩემსა და შენს ხალხს, მიშა! იცი თუ არა, ნიკოლაევიჩ, რომ საქართველო „ფოკუსნიკების“ ქვეყანაა?! თვით დევიდ კოპერფილდიც კი შენს ხალხთან უნიჭო არარაობაა! ერთი ამიხსენი, „ფოკუსნიკების“ გარდა, ვინ გაიტანს თავს ამ პენსიებით? და თითქმის ასეთივე ხელფასით, ანდა, თუნდაც, უიმისოდაც?! იცი თუ არა, მიშა, ძვირფასო, ბოლო ხანს რამდენად გაძვირდა ცხოვრება საქართველოში?! მედიკამენტები, მთელი სამომხმარებლო პაკეტი – პროდუქტი, საქონელი, მომსახურება, და თუ არა ნათესავების დახმარება მოსკოვიდან... ისე, ჩემგან თავის მობეზრებაღა გაკლდა, განა შენი ბენდუქიძე რა, არ გიპატაკებს ამას? თუ მხოლოდ იმას გიკაკლავს, როცა სახეში შეაფურთხებენ?!
– ჰო, ბენდუქიძე, დავუშვათ, უკვე დიდი ხანია, შესაცვლელი იყო. „მავრმა გააკეთა თავისი საქმე“ – გაყიდა ყველაფერი და, მათ შორის, სინდისიც მიაყოლა... ეჰ, ფიქრობ, მე განა არ მტკივა გული ჩემი ხალხის გამო? განსაკუთრებით, როცა საქართველოს ჰიმნს ვუსმენ – ისე მტკივა, რომ გული ხელით მიჭირავს! მაგრამ გამიგე, ჯიუტო, ზოგიერთი რამ ჩემს ძალებს აღემატება...
– და როცა ხალხს ციხეში სვამ – ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის ერთ-ნახევარ პროცენტს – არ აღემატება შენს ძალებს?! შენი ვერაფერი გამიგია, მიშა, ვერაფერი... მაშ, მოდი, მიპასუხე: იქნებ ბუში შეგპირდა, საქართველოს შეერთებული შტატების შემადგენლობაში მივიღებო?! თუმცა, რა, ხომ არსებობს ჯორჯიის შტატი, ჰოდა, კიდევ ერთიც იქნება – ნიუ-ჯორჯიის! ხომ ჟღერს?! იქნებ, მაშინ უმუშევრობისათვის შემწეობაც მივიღოთ... მითხარი, მიშა, ნუ მტანჯავ: ამას შეგპირდა ბუში? და მიიღო ამისთვის შენგან კუში?!
– ბუში, კუში, ნუში... რას მიედ-მოედები?! ეტყობა, ღვინო მოგეკიდა... შენ რა, გგონია, არ ვიცი, რას ვაკეთებ?! გგონია, ამერიკისა და ინგლისის უნივერსიტეტებში მარტო ვსვამდი და ქალებში დავდიოდი? სულელია, ხომ, სააკაშვილი?! ქარაფშუტაა, ხომ?! მიამიტი კაცი ხარ, არნო, თუმცა, არცთუ უჭკუო! ამას ყველაფერს პუბლიკაზე ვთამაშობ!!! სინამდვილეში ჩემი სტრატეგია მაქვს, მკაფიო გეგმა და მას შევასრულებ!
– გეგმა?! წარმოუდგენელია! მაშ, უთხარი ყველას – შენც დაწყნარდები, დალოცვილო, შენი ოპოზიციაც და ჩვენც ყველანი – უბედური ჩვეულებრივი ხალხი...
– უფრო სულელი ყოფილხარ, ვიდრე მეგონა: შე შტერო, ვერ ხვდები, რომ ყველასათვის თქმა არ შეიძლება! მაგრამ რაკი ასეთი ქეიფი წავიდა, შენ გაგანდობ: მალთუსის თეორია თუ გაგაგიგია?
და უცებ თავში დამკრა: აქამდე როგორ ვერ მივხვდი?! რა თქმა უნდა, XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისის ინგლისელი ეკონომისტი თომას რობერტ მალთუსი, რომელიც ამტკიცებდა, რომ საარსებო სახსრებისა და მოხმარების საგნების მოცულობა გაცილებით ნაკლებად მატულობს, ვიდრე შობადობა, და ამიტომაც უმუშევრობა, გაჭირვება, ომი, ეპიდემიები და შიმშილი „მანკიერება“ კი არა, „ბუნების წყალობაა“, რადგან ყველა ეს საშინელი უბედურება ამცირებს დედამიწაზე ... ადამიანთა რაოდენობას!
პრეზიდენტის გულახდილობით გაოგნებული დიდხანს ვდუმდი... უხერხული დუმილი თავად პრეზიდენტმა დაარღვია:
– და, საერთოდ, ჩემო მეგობარო, ხომ გიყვარს ჩემთვის ჭკუის სასწავლებლად დიდი ადამიანების ციტირება, გაიხსენე სტალინის სიტყვები: „არის ადამიანი – არის პრობლემა, არ არის ადამიანი – არ არის პრობლემა!“
– როგორც ჟვანია, ხომ? – წამომცდა და მაშინვე ვინანე – პრეზიდენტი ძალიან გაბრაზდა:
– ნუთუ შენც გგონია, რომ ჟვანია მე მოვკალი?! ის მალთუსის თეორიამ მოკლა!
აქ მე მივხვდი, რომ ყველაფერი, რის შესახებაც უნდა მეკითხა ახლა პრეზიდენტისთვის – იქნებოდა ეს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილები, წყალდიდობისა თუ მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები, უნიჭო რეფორმები, რომლებმაც დაანგრია ჩვენი კულტურა და განათლება, უმუშევრად და უსახსროდ დარჩენილი ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე – ყველაფერში მისი ნაქადაგები მალთუსის თეორია იქნებოდა დამნაშავე! „რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა დაიხოცოს და შიმშილით მოკვდეს, რომ დანარჩენებს მეტი დარჩეთ!“ – ეს ციტატა ხომ მალთუსის თეორიიდანაა, მაგის დედა ვატირე!
– შემთხვევით, შენც ხომ არ გინდა, რომ გადავდგე?! – განაგრძო განრისხებულმა პრეზიდენტმა, – ნურას უკაცრავად! ამას ხომ ხედავ?! – და მიჩვენა პრეზიდენტის ბრანწი...
მის დასამშვიდებლად სადღეგრძელო შევთავაზე:
– მოდი, მიშა, იქნებ შენი კუმირის – მუსტაფა ქემალ ათათურქის, სადღეგრძელო შევსვათ! – და უცებ სახე გაუნათდა.
– სიამოვნებით! იცი, რა, საიდუმლოდ გაგანდობ: რა თქმა უნდა, მესმის, რომ აშშ-ში არ მიგვიღებენ – შორსაა, არც ვესაზღვრებით მას. თურქეთს კი ვესაზღვრებით! და თანაც როგორ: ყველაფერი იქიდან შემოგვაქვს, ყველა ქართველმა იქ იშოვა საქმე – მამაკაცებმა და, განსაკუთრებით, ქალებმა! ამიტომაც ვაპირებ, თურქეთს – ნატოს უახლოეს ფორპოსტს – მივმართო: მიგვიღონ თავის შემადგენლობაში როგორც ახალი პროვინცია – გურჯისტანის ვილაიეთი! შემდეგ 300 000 თურქი-მესხი შემოვუშვათ და თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ათათურქს ძეგლი დავუდგათ, მერე კი...
და უცებ შეძრწუნებულს ... გამომეღვიძა და მივხვდი, რომ ყოველივე ეს – პრეზიდენტის სტუმრობა და ჩვენი საუბარიც – სიზმრად ვნახე! გონს ძლივს მოვეგე და ის იყო, შუბლიდან ცივი ოფლი უნდა მომეწმინდა, რომ ფანჯარაში უცებ ვნახე... თურქული ნახევარმთვარე!!! და მხოლოდ მას მერე, რაც სათვალე გავიკეთე და კარგად დავაკვირდი, მივხვდი, რომ ეს ოდენ „წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის“ მანქანა ყოფილა, რომელიც გროშიან პენსიაზე მცხოვრებ მეზობლებს ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებდა... მალთუსის თეორია მოქმედებდა!
P.S. როდესაც 2005 წელს განვაცხადე, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას მალთუსის თეორიით მართავს და საქართველო მალე თურქეთის ახალი ვილაიეთი (ანუ პროვინცია) გახდება, ბევრმა ეს უხეირო ხუმრობად მიიჩნია. მაგრამ ფაქტები ჯიუტია: მალე ამის შემდეგ ბათუმში თურქეთის მოქალაქეებისთვის მასობრივად კაზინოების გახსნა დაიწყეს, ხოლო საქართველოში თურქეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმეს, თანაც იმ დროს, როდესაც მსოფლიოში „ბობოქრობდა“ ქათმის გრიპი, თურქეთი კი ამ ეპიდემიის ერთ-ერთ კერად აღიარეს... საერთოდ, ასეთ შემთხვევებში საზღვრებს სასწრაფოდ კეტავენ, მაგრამ... არა ერთი ქვეყნის შიგნით: დიახ, დიახ, ახლა გზაზე თბილისიდან (გურჯისტანის ახალი ვილაიეთის ცენტრიდან) ანკარამდე (საქართველოს ახალ დედაქალაქამდე) ჩვენს ტურისტებს, მოვაჭრეებსა და მეძავებს არავინ და აღარაფერი აჩერებს! და ვილაიეთის მმართველმა – მიშა-ფაშა-სააკ-ზადემ – კი, ალბათ, მიიღო მადლობა „ქვეყნის დემოკრატიზაციის მორიგი რეკომენდაციის შესრულებისათვის“!
და კიდევ – უახლოეს ხანებში რუსეთ-საქართველოს საზღვრის მთელ მონაკვეთზე გაჩნდება ბეტონის უზარმაზარი კედელი – ეკონომიის მიზნით მის ასაგებად გერმანია ნაწილ-ნაწილ გამოუგზავნის საქართველოს დანგრეულ ბერლინის კედელს...
არნო ხიდირბეგიშვილი
თბილისი, 2005