სამართალი
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ძალაშია

1-bidz-samart-3თბილისი, 31 მაისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება უკვე ძალაშია. პარლამენტის მიერ გასულ კვირას მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და „საკანონმდებლო მაცნეშიც“ გამოქვეყნდა.

კონსტიტუციას დამატებული ახალი მუხლის მიხედვით, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

ამ წესით არჩეულ პირებს შეეძლებათ დაიკავონ პარლამენტის თავმჯდომარის, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები.

როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, რამდენიმე დღის წინათ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა და სთხოვა, არ მოეწერა ხელი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი აცხადებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.