თბილისი, 31 მაისი, საქინფორმი. ჰოლდინგური კომპანია „ვაკე-5“-სა და „ალბატროს ჯგუფის“ პრეზიდენტი დავით ბეგიაშვილი ხელისუფლებას ბიზნესის ტერორში ადანაშაულებს. ამის შესახებ ბიზნესმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„მუქარა, ტერორი, გაკოტრება, უსამართლო მართლმსაჯულება და ოჯახის წევრებზე ზემოქმედება... ეს არასრული კრიმინალური არსენალია, რომელთაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ბიზნესმენის წინააღმდეგ იყენებს. შეთითხნილი ბრალდებებით დაკავებები, საეჭვო სახელისუფლებო ბიზნესპროექტები, სახელისუფლებო ბიზნესის სასარგებლო გარიგებები, ქონების გაჩუქება ხელისუფლების ჩრდილქვეშ მყოფ პირებზე – ესაა საგანგაშო და ერთადერთი რეალობა ბიზნესის სივრცეში“, – ნათქვამია განცხადებაში.დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ხელისუფლება საკუთარ პოლიტიკურ აქტივებად ურცხვად აცხადებს მეწარმეების მიერ გაკეთებულ საქმეებს და შექმნილ ობიექტებს.
„ქვეყანაში ჩამოყალიბებულია კლანური სახელისუფლებო ბიზნესსტრუქტურები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შენიღბულია ობშორულ ზონებში რეგისტრირებული უცხოური შეფერილობის სახელწოდებებით. სწორედ მათ მიერ არის მონოპოლიზებული ბიზნესგარემო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ კარის ბიზნესმენები სამეწარმეო თავისუფლებისა და პრივილეგიების სანაცვლოდ თხზავენ ამბებს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთების იდეალური პირობებია.
„რეალურად, სამეწარმეო სფერო უკიდურესად შევიწროვებულია და სულს ღაფავს. მივმართავ ბიზნესმენებს, კოლეგებს, მეგობრებს და თავისუფალი ნების ადამიანებს! მოგიწოდებთ ყველას! გავერთიანდეთ, გამოვააშკარაოთ დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელმაც ჩვენთან ურთიერთობის ენად ტერორი აირჩია, მოვთხოვოთ პასუხი მოძალადე ხელისუფლებას, რათა შესაძლებელი გახდეს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება!“ – ნათქვამია განცხადებაში.
ჰოლდინგური კომპანია „ვაკე-5“-სა და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებლისა და პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის ლუქსპროდუქციის მაღაზიათა ქსელი „Albatros De Luxe“ შვეიცარიული საათების, ძვირფასი საკომუნიკაციო საშუალებების, საიუველირო ნაწარმის, ვერცხლის ჭურჭლის, ჯიბის დანებისა და აქსესუარების ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.