საზოგადოება
მიმართვა თურქეთის ელჩისადმი საქართველოში

1-istoria-sazogadoeba-2თბილისი, 31 მაისი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველოსა“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თურქეთის ელჩს საქართველოში ლევენთ მურათ ბურჰანის მიმართვა გაუგზავნეს.

მიმართვაში საუბარია თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ დამოწმებულ მაღალი კლასებისთვის განკუთვნილ თურქეთის ისტორიის სახელმძღვანელოზე, სადაც ერთ-ერთ ქვეთავში ჩამოთვლილია იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებმაც 1918 წელს თურქეთის ტერიტორია „მიითვისეს“, მათ შორის, საქართველოც.

თენგიზ ომანიძე („თავისუფალი საქართველოს“), შოთა ჭოხონელიძე („წინააღმდეგობის მოძრაობა“), სტუდენტი ირაკლი საჯაია და რეჟისორი ზუკა ჩაჩანიძე იმედოვნებენ, რომ სხვა ქვეყანათა შორის დასახელებულ „სახელმძღვანელოში გაპარული ხარვეზი – თითქოს საქართველომ 1918 წელს თურქეთის ტერიტორია „მიითვისა“, გამოსწორებული იქნება“, რათა თურქ მოზარდებს ჩვენი ქვეყნის შესახებ ისტორიული ფაქტები დამახინჯებულად არ მიეწოდოთ.

„XVI საუკუნის 70-იან წლებში აჭარა ოსმალეთმა დაიპყრო. 1878 წელს ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, აჭარა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა ისტორიულ მიწებთან ერთად საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებით კი (რსფსრ-ის მონაწილეობით დადებული, რომელიც მისი გარანტორი გახდა, – საქინფორმი), აჭარა საქართველოს შემადგენლობაში დარჩა და მას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიენიჭა. ამის შემდეგ, არანაირი წერილობითი ხელშეკრულება ან შეთანხმება აჭარის საკითხზე თურქეთსა და საქართველოს შორის არ მომხდარა“, – ნათქვამია მიმართვაში.