აქტუალური
გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი კადრებს არჩევს

1gamocdebis-centriთბილისი, 31 მაისი, საქინფორმი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა კადრების შერჩევა უკვე დაიწყო. როგორც ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სამსახურიდან წასული კადრების ჩანაცვლების პროცესი დაწყებულია. რაც შეეხება იმ თანამშრომლებს, რომლებმაც სამსახურიდან წასვლის შესახებ განაცხადეს, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მათი მომავალი გადაწყვეტილებები არ აინტერესებს.

„ეს არის თავისუფალი ქვეყანა. ვისაც სურს, შეუძლია დარჩეს, ვისაც არა – წავიდეს, მათი მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული. საქართველოს კანონმდებლობა მავალდებულებს, რომ კანონის ფარგლებში ვიმოქმედო... ვინც სამსახურის დატოვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, ის ადამიანები პროფესიონალი კადრებით ჩანაცვლდებიან. ამაში განსაკუთრებული ტრაგიზმი არ არის და ამ თემის პოლიტიზება უმართებულოა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრის პოლიციის აკადემიის თანამშრომლებით დაკომპლექტების შესახებ, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ამაზე საუბარი ადრეა, რადგან პოლიციის აკადემიაში ძალიან ბევრი საქმეა.

„იმაზე საუბარი, რომ მთელ პოლიციის აკადემიას აქ წამოვიყვან, უხერხული და ბავშვურია. იქნება, ალბათ, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პროფესიონალები არიან, თუმცა ამაზე მოგვიანებით შეიტყობთ“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისათვის: გამოცდების ეროვნული ცენტრის სამოცმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად სამსახურის დატოვების შესახებ განაცხადა. სამსახურიდან წასვლის მიზეზად ისინი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მაია მიმინოშვილის უსაფუძვლო მიზეზით გათავისუფლებას ასახელებენ.

თუმცა მათივე განმარტებით, ერთი თვის განმავლობაში მუშაობას გააგრძელებენ, რათა საგამოცდო პროცესი არ დაზარალდეს.