პოლიტიკა
პირდაპირი ინვესტიციები ეკონომიკაში

1invest-politika-3თბილისი, 31 მაისი, საქინფორმი. მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ნიკა გილაურმა  მინისტრთა კაბინეტსა და ჟურნალისტებს მიმდინარე წლის პირველი კვარტლის პირდაპირი ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების სახით 230 მილიონი დოლარი შემოვიდა. ეს კი 32%-ით აღემატება გასული წლის პირველი კვარტლის მონაცემებს. პრემიერი ამბობს, რომ გასული  წლის პირველ კვარტალში პირდაპირი ინვესტიციის მაჩვენებელი 174 მილიონი დოლარი იყო, წელს კი საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა.

„ეს პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული სამუშაო ადგილების შექმნასთან. პირდაპირი ინვესტიციები არის სწორედ ის თანხა, რომელიც საქართველოში უცხოეთიდან შემოდის. აქ რეალურად ხდება ახალი საწარმოების შექმნა ან ძველი საწარმოების რეაბილიტაცია; ასევე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და უმუშევრობის შემცირება. გასული წლის მონაცემებით, ჯამში გვქონდა მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია. ყოველწლიურად პირველი კვარტალი არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და შემდეგ სეზონურობის შესაბამისად ეს მაჩვენებელი იზრდება. ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი ყოველკვარტალურად გაიზრდება და წლევანდელი ინვესტიციები მილიარდ დოლარს გადააჭარბებს“, – განაცხადა ნიკა გილაურმა.