პოლიტიკა
ამერიკელი სენატორი საქართველოში ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს მომხრეა

1durbini-polittikia-1თბილისი, 31 მაისი, საქინფორმი. ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოთი დაინტერესდა. ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ სენატორთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დურბინი დაინტერესდა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებითაც. სენატორის ინტერესის საგანს წარმოადგენდა, ასევე, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი და არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირების თემა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დურბინთან შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა არჩევნებსა და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ თემატიკას. როგორც ჩუგოშვილმა განმარტა, საიას მხრიდან ყურადღება გამახვილდა ე.წ. სავალდებულო ტრანზიტის თემაზე, რაც, მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ საკაბელო მაუწყებლებს ვალდებულება უნდა ჰქონდეთ, რომ ტელეკომპანიების სიგნალები გადასცენ, რადგან ეს არის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და ამომრჩევლებისთვის სრული ინფორმაციის მიღების საშუალება.

საიას თავმჯდომარემ აქცენტი გააკეთა დემოკრატიული ინსტიტუტების, პარლამენტისა და სასამართლოს სისტემის სისუსტეზეც, რაც, ჩუგოშვილის თქმით, ნეგატიურად აისახება საარჩევნო გარემოზე.

ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ დურბინმა საქართველოში ვიზიტი გუშინ დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში სენატორმა პირველი შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ნინო ლომჯარია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი ეკა გიგაური, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და პროფკავშირების წარმომადგენელი.

სენატორი საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.