აქტუალური
გამოცდების ეროვნულ ცენტრს პოლიციის აკადემიის რექტორი უხელმძღვანელებს

1xatia-aqtualuri-1თბილისი, 31 მაისი, საქინფორმი. შსს-ის პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე გამოცდების ეროვნულ ცენტრს უხელმძღვანელებს. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ ხატია დეკანოიძე ამ ეტაპზე საუკეთესო კანდიდატურაა ამ თანამდებობაზე.

„ეს არის ადამიანი, რომელიც ახალ ეტაპზე აიყვანს განათლების რეფორმას, – განაცხადა შაშკინმა. – მისი ამოცანაა, რომ წელს ჩატარდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ის ჩატარდება საუკეთესოდ და მომავალში გააგრძელოს რეფორმირება“.

„მიუხედავად ჩვენი სტრუქტურული განსხვავებებისა (პოლიციის აკადემიასა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შორის, – საქინფორმი), ჩვენ ვიყავით ორი სამინისტრო, რომელიც მუშაობდა რეფორმების განსაკუთრებით სერიოზულ მიმართულებებზე. საქართველოში ამ ზაფხულს, ისევე, როგორც ყველა ზაფხულს, გამოცდები ჩატარდება უდიდესი შეფასებით, ძალიან ზედმიწევნით...  მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ არავითარი ხარვეზი გამოცდების მიმდინარეობის პროცესში არ იქნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ (ვფიქრობთ, რომ მისი დანიშვნისას სტრუქტურული განსხვავებები განათლების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის საერთოდ არ იქნება, – საქინფორმი).

ცნობისთვის: დეკანოიძე პოლიციის აკადემიის რექტორი 2008 წელს გახდა. მანამდე იგი ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში მუშაობდა, ხოლო 2004 წელს – ეროვნული უშიშროების საბჭოში მაშინ, როცა ამ სტრუქტურას ახლანდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი უძღვებოდა.