სამართალი
ნიკოლოზ მჟავანაძე: „ლაზიკა – ხელისუფლების მორიგი გიჟური იდეაა!“

1lazikaa-samarTali-3თბილისი, 30 მაისი, საქინფორმი. „ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ საქართველოს ხელისუფლების მიერ ლაზიკას შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას აპროტესტებს და კოლხეთის ეროვნულ პარკში ქალაქის აშენებას კანონდარღვევად მიიჩნევს.

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანეძემ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტში ქალაქის შექმნის ინიცირებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო კანონის მოთხოვნები სარეკრეაციო ზონების განვითარებასთან დაკავშირებით, რაც არ მომხდარა.

„როცა არ არის გაკეთებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება, სივრცითი მოწყობის გეგმა, ხელისუფლება წინდაუხედავად აპირებს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას“, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

(ცნობისათვის: რამსარის შეთანხმებას საქართველო 1996 წელს შეუერთდა, 2007 წლიდან კი კოლხეთის ეკოსისტემა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.)

„ჩვენ ვართ საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში: ერთი მხრივ, ვარღვევთ საერთაშორისო კონვენციას, მეორე მხრივ, ვიღებთ ცვლილებებს და რეალურად არ გვაქვს შესწავლილი ტერიტორია. ეს არის მორიგი სიგიჟე, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს!“, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპ „სტრატეგიული განვითარების სააგენტომ“ 2012 წლის 25 მაისიდან ლაზიკასთან  დაკავშირებულ ცვლილებებზე საჯარო განხილვები დაიწყო. სააგენტო მიმდინარე წლის 19 აპრილს შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ახორციელებს საინვესტიციო და ინფრასტრუქტურის პროექტების მონიტორინგსა და კოორდინაციას.