თბილისი, 30 მაისი, საქინფორმი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა არასამთავრობო სექტორში მუშაობის გაგრძელების შესახებ რადიო „უცნობის“ ეთერში გადაცემა „პოლიტბიუროში“ განაცხადა.
„მომავალში, ალბათ, მექნება საშუალება, ვისაუბრო, თუ რა ხდება დღეს განათლების სიტემაში, რა ხდება სამინისტროში, თუმცა პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებ. პოლიტიკაში ჩემი ადგილი არ არის. ალბათ, განათლების სისტემას ვერ გავცდებით, მითუმეტეს, 12 წელია, ამ სფეროში ვმუშაობ. ვფიქრობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში განვაგრძობ ჩემს საქმიანობას“, – განაცხადა მიმინოშვილმა და დააკონკრეტა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე „ქართულ ოცნებაში“ გაწევრების შესახებ შეთავაზება არ მიუღია.ამასთან, მიმინოშვილმა მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზებზეც ისაუბრა. „მინისტრმა გააუქმა საერთაშორისო კვლევები და მან იცოდა, რომ ამის წინააღმდეგი ვიყავი. ეს კვლევები საუკეთესო საშუალება იყო განათლების სისტემის განვითარებისათვის, იმისათვის, რომ სამინისტროს მომავალი სტრატეგია დაეგეგმა.
ამ კვლევებს ჩვენი ცენტრი ატარებდა. მაგალითად, მინისტრმა გააუქმა კვლევა კითხვის უნარების შესახებ. ამ კვლევას მრავალ ქვეყანაში ატარებენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კვლევით შესაძლოა, დადგინდეს, რა პრობლემები აქვთ ბავშვებს ამ კუთხით და აქედან დაიწყოს „მკურნალობა“, – აღნიშნა მიმინოშვილმა.
მისივე განმარტებით, ის, ასევე, წინააღმდეგი იყო, სამინისტროს ჰქონოდა უფლება, აპელაციის შემდეგ საგამოცდო ნაშრომები მიეღო არა კოდირებული, არამედ დეკოდირებული სახით. „ამით სამინისტროსთვის შედეგების გამოცხადებამდე ავტორების სახელიც გახდებოდა ცნობილი, – განმარტა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა და დასძინა, – განსხვავებული აზრისათვის ადამიანის გათავისუფლება რომ ჩვეულებრივი ამბავია ამ ხელისუფლებისთვის, ნათელია“.
მიმინოშვილის გათავისუფლების მიზეზებთან დაკავშირებით კოკა სეფერთელაძემაც გააკეთა განცხადება.
საქინფორმი დღეს მაია მიმინოშვილის გათავისუფლების მიზეზების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება. ამასთან, აღნიშნავს, რომ უკვე გუშინ, გათავისუფლებისთანავე, „პოლიტიკაში წასვლის სურვილის არმქონე“ მიმინოშვილი შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს, კოალიცია „ივანიშვილი – ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს.
თუმცა გასაკვირი არაა, რომ მას „შეეშალა“ მისამართი და ავიდა მთაწმინდაზე, შარშან კი ავლაბარში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე „დაავიწყდა“ – ქალიშვილი ჰყავდა თუ ვაჟი...