პოლიტიკა
ივანიშვილის პასუხი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პრეტენზიებზე

1mauwy-politika-2თბილისი, 30 მაისი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებას საქინფორმის მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ:

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით ჩემ მიერ გამოთქმულ შენიშვნებს ამ ტელევიზიის მესვეურთა მხრიდან პასუხად მოჰყვა ცილისწამება, თითქოს მე მედიაზე და, კერძოდ, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ „ზეწოლის“ კამპანია მაქვს გაშლილი და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ვაშანტაჟებ, როცა ვაცხადებ, რომ საზოგადოების ფულით დაფინანსებული ტელევიზია თავის სათანადო მოვალეობას უნდა ასრულებდეს და არ უნდა ემსახურებოდეს ტყუილის შექმნასა და ტირაჟირებას.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განცხადებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო: ჩემი შენიშვნა ეხებოდა მხოლოდ იმას, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უნდა იყოს საზოგადოების ინტერესების გამომხატველი და არა რომელიმე ხელისუფლების ნების აღმსრულებელი და მსახური.

მე და ჩვენი კოალიცია „ქართული ოცნება“ ვპირდებით ქართველ საზოგადოებას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ხალხის სამსახურში ჩადგეს და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული იყოს. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა თითოეული ჟურნალისტი იყოს თავისუფალი, დაცული, ვეღარავინ აიძულოს ისინი მხოლოდ დიქტორის როლში ყოფნა და აღარ მოუწიოთ რომელიმე ერთი პოლიტიკური გუნდის ინტერესების გატარება.

ჩვენ პირობას ვაძლევთ ჩვენს ხალხს, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ამ მაუწყებლისადმი ნდობა, იგი რეალურად გახდეს საზოგადოების ყველა ფენის ინტერესების გამომხატველი და იყოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი“.