ზუგდიდი, 30 მაისი, საქინფორმი. საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი ნიკო დადიანი ზუგდიდიდან იტყობინება: საქართველოს ხელისუფლება თითქმის ყოველდღიურად სიამაყით აცხადებს, რომ პოლიცია ქვეყნის მოსახლეობაში ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით სარგებლობს. უცხოური ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს პოლიციის რეფორმის წარმატებულობას. თუმცა ამ სტრუქტურის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ძველებურად აქვს ადგილი არათუ ძალადობის, არამედ მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებს.
„პოლიციის მიმართ ნდობა 90%-ს შეადგენს და ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მინისტრის ან რომელიმე ხელმძღვანელის“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც, ალბათ, არც კი იცის, რომ მისმა საამაყო პოლიციამ სულ ახლახან სამეგრელოს რეგიონში კიდევ ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა – ყოველ შემთხვევაში, ამას თავად გარდაცვლილების ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომლებიც პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ.ზუგდიდის რაიონის მკვიდრი ქეთო გადელიას შვილი, 24 წლის ბადრი ტაბიძე, 2 თვის წინ ზუგდიდის წმიდა ლუკას სახელობის საავადმყოფოში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა „tspress.ge” იტყობინებოდა, ბადრი ტაბიძე არაფხიზელ მდგომარეობაში დეიდის სახლიდან მიმდინარე წლის 1 იანვარს გავიდა. იმავე დღეს, მოგვიანებით, ის მრავლობითი დაზიანებებით ქუჩაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
ტაბიძე ზუგდიდის წმიდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრში სამთვიანი მკურნალობის შედეგად გაუმჯობესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მოულოდნელად გარდაიცვალა.
ცენტრის ექიმ-ტრავმატოლოგი თანდილა ქარჩავა ტაბიძის სხეულზე არსებულ მრავლობით დაზიანებაზე საუბრობს. ტაბიძის ოჯახი უბედურ შემთხვევაში პოლიციას ადანაშაულებს. შესაბამისი ეჭვი პირველად მაშინ გაჩნდა, როდესაც გარდაცვლილის პასპორტი ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში აღმოჩნდა. დაშავებული უბედური შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში დოკუმენტაციის გარეშე ისე მოათავსეს, როგორც უცნობი მამაკაცი. დამატებით ეჭვს იწვევს ისიც, რომ შემთხვევის ადგილზე სისხლის კვალიც კი არ ჩანდა.
ტაბიძის ოჯახის კითხვებს და ეჭვებს პოლიცია რეაგირების გარეშე ტოვებს და დაცემის გარდა გარდაცვალების სხვა ვერსიაზე არ მუშაობს. კითხვები კი, რომლებიც გარდაცვლილის ოჯახს დაუგროვდა, კვლავ პასუხგაუცემელია.
სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მიღებისა და საკუთარი შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით მიდის ფეხით ქეთო გადელია თბილისში.
როგორც მან გამგზავრების წინ განაცხადა, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან მანამ იდგება, სანამ მიხეილ სააკაშვილისგან აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხს და დამნაშავეების დასჯის გარანტიებს არ მიიღებს.
რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს – 35 წლის რევაზ არღვლიანს, ის ზუგდიდში, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების საცხოვრებელ კორპუსში, მეგობარი ქალის სახლში მიმდინარე წლს 11 თებერვალს ჩამომხრჩვალი იპოვეს.
გარდაცვლილის მეგობარი ქალი მომხდარი ფაქტის მიზეზად არღვლიანის უხასიათობას და ერთმანეთში არსებულ გაუთავებელ უთანხმოებას ასახელებს, თუმცა რევაზ არღვლიანის მშობლებს თვითმკვლელობაში ეჭვი ეპარებათ. გარდაცვლილის მამის – გელა არღვლიანის, განმარტებით, მის შვილს ყელზე თოკის კვალი არ ეტყობა და ჩალურჯება მხოლოდ კეფასთან აღენიშნება.
როგორც გელა არღვლიანმა თბილისში გამგზავრებამდე აღნიშნა, მისი შვილი მოკლეს და თოკზე შემდეგ ჩამოკიდეს. გარდაცვლილის მამა ადგილობრივი პოლიციის მიერ მოწმეების მფარველობაზეც საუბრობს და მხარეებს შორის კავშირებზე ამახვილებს ყურადღებას.
ბადრი ტაბიძის დედა ქეთო გადელია და რევაზ არღვლიანის მამა გელა არღვლიანი 28 მაისს, 12:00 საათზე, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის მიმართულებით ფეხით დაიძრნენ. ამ რადიკალური ნაბიჯის გადადგმა მათ სწორედ პოლიციის ძალადობრივმა ქმედებებმა აიძულა.
გარდაცვლილების მშობლები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მათი შვილების მკვლელობების ობიექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით გეგმავენ. მათ თბილისამდე ჩასასვლელად, დაახლოებით, 12 დღე-ღამე დასჭირდებათ.