სამართალი
თბილისი, 29 მაისი, საქინფორმი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს 28 მაისს გალში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც სროლის შედეგად ორი პოლიციელისა და ერთი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის, ნებისმიერი სახის აუცილებელი დახმარება უზრუნველყოს, მათ შორის, ფაქტების მოკვლევის ჯგუფი გააგზავნოს. ასეთი ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია და მათ მხოლოდ სიტუაციის დესტაბილიზაცია შეუძლია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავშეკავებისაკენ მოწოდებით გამოდის, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლოს, გალის რეგიონში თავისი ყოველდღიური ცხოვრება უსაფრთხოდ განაგრძოს“, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.შეგახსენებთ, რომ გალში, კაფე „კონკიაში“, ინციდენტი მოხდა, სადაც ორი უცნობი პირი შეიჭრა და „კალაშნიკოვის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო სროლა ატეხა. მიღებული ჭრილობების შედეგად მილიციის მაიორი ლეონიდ კვიწინია და გამომძიებელი დევი ბუავა, ასევე, სოფელ ნაბაკევის მცხოვრები გულთაზი ყოლბაია გარდაიცვალნენ.
თავდამსხმელებმა კაფეს სათადარიგო გასასვლელით ისარგებლეს, „ვოლგის“ ტიპის ავტომანქანაში ჩასხდნენ და მიიმალნენ.
გალის რაიონის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. შემთხვევის ადგილას ამჟამად კრიმინალისტები მუშაობენ.