სამართალი
მინისტრმა საგამოცდო ცენტრის დირექტორი გაგანია გამოცდების დროს გაათავისუფლა

1SaSk-samarT2თბილისი, 29 მაისი, საქინფორმი. განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან სამინისტროს პოლიტიკასა და მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობის მოტივით გაათავისუფლა.

მიმინოშვილის თქმით, გამოცდების პერიოდში მინისტრის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი, ხოლო გათავისუფლების მოტივი გაუგებარი იყო.

მან დაადასტურა, რომ თავისი კონკრეტული მოსაზრებები გააჩნდა გამოცდებსა და შეფასების სისტემაზე, რაზეც, მისი თქმით, მინისტრთან ჰქონია საუბარი, თუმცა ხმამაღლა არსად განუცხადებია.

„ეს შეუძლებელია ჩაითვალოს ნორმალურ ქვეყანაში პრინციპულ შეუთავსებლობად“, – განუცხადა მან ტელეფონით ტელეკომპანია „მაესტროს“ და მინისტრ შაშკინის მისამართით დასძინა: „როგორ შეიძლება ნორმალურ ქვეყანაში პრინციპულ შეუთავსებლობად გაფორმდეს ეს და ძალიან კარგი იქნება, დააკონკრეტოს, რას გულისხმობდა პრინციპულ შეუთავსებლობაში“.

განათლების სამინისტრო 28 მაისს გავრცელებულ განცხადებაში შეუთავსებლობის დეტალებზე არაფერს ამბობს და აღნიშნავს, რომ გამოცდების ცენტრი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, უზრუნველყოფს რა საატესტატო გამოცდების შეუფერხებლად მიმდინარეობასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებას.

ცნობისათვის: მაია მიმინოშვილი წლებია, უკვე სათავეში ედგა გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომელიც ორგანიზებას უწევს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, საერთო სამაგისტრო გამოცდებს, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებს, საჯარო სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს და ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას. ამ ცენტრის მიერ დანერგილი ერთიანი ეროვნული გამოცდები „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გატარებულ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად სახელდება.