თბილისი, 29 მაისი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ყველა თბილისელს და რეგიონიდან ჩამოსულ ადამიანს, რომლებმაც თავისუფლების მოედანზე კოალიციის მიერ გამართულ მასშტაბულ აქციაში მონაწილეობა მიიღეს, მადლობას უხდის.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს აქცია და იქ დაფიქსირებული ხალხმრავლობა თითოეულ ჩვენგანს სჭირდებოდა.„თითოეულ თქვენგანს სჭირდებოდა ის, რაც მოხდა. თქვენ გქონდათ საკუთარი განწყობა, მაგრამ ყველას გაინტერესებდათ, თუ რა განწყობა აქვს თქვენს მეზობლებს, მეგობრებს. გუშინ თქვენ დაინახეთ, რომ არ ხართ მარტო. ასეთი მომართულია თბილისი. ჩემი აზრით, აქციაში მონაწილების 99-პროცენტი თბილისელები იყავით. თუმცა რამდენიმე ათეულმა თუ ასეულმა (ზუსტად ვერ ვიტყვი) ადამიანმა რეგიონებიდანაც მოახერხა ჩამოსვლა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ კოალიციას ამისათვის სპეციალურად არაფერი გაგვიკეთებია და სამუშაოები არ ჩაგვიტარებია. თქვენ ერთმანეთს აჩვენეთ და დარწმუნდით, რომ არ ხართ მარტონი. ასეთი განწყობაა ძირითადად საქართველოში და ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა ევროპელებისა და ამერიკელებისთვისაც, რადგან მათ დაინახეს რეალურად, როგორი კულტურული ხალხის ვართ ჩვენ და როგორი დაუოკებელი სწრაფვა გვაქვს თავისუფლებისათვის. ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს“, – მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ხალხს და დასძინა, რომ აქცია პირადად მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„არ დაგიმალავთ და ჩემთვისაც ძალიან კარგი იყო ის, რაც მოხდა. მე მუდამ ვამტკიცებდი... კარგად ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ მეც მჭირდებოდა ამის მტკიცებულება. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, გამოცდა კარგად ხუთიანზე რომ გაქვს მომზადებული და მაინც განიცდი, სანამ უმაღლეს შეფასებას არ მიიღებ. ჩემი რწმენაც განმტკიცდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ქართველი ხალხი ღირსეულ ცხოვრებას იმსახურებს.
„მე რასაც დაგპირდით, იმას აუცილებლად შეგისრულებთ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ევროპულად და გპირდებით, რომ ჩვენ გუნდთან ერთად, ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად აუცილებლად დავიბრუნებთ ქვეყანას და ამის შემდეგ უკვე შემოდგომიდან დავიწყებთ ჩვენი ოცნებების ასრულებას. ძალიან სწრაფად ავაშენებთ ევროპული ტიპის სახელმწიფოს“, – აღნიშნა ივანიშვილმა.