პოლიტიკა
სააკაშვილი მიმინოშვილს „ექსტაზიან“ ჩაის ასმევდა?

1mT-topთბილისი, 29 მაისი, საქინფორმი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი ადასტურებს, რომ მისი ვაჟი ლაშა ყანჩაველი ა.წ. 27 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობდა. როგორც მიმინოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საღამოს ტელეფონით ესაუბრა შვილს, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლესთან ერთად  მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ აქციაში თავისუფლების მოედანზე.

„ჩემი შვილი ზრდასრული ადამიანია, ცალკე ცხოვრობს, და თუ მისი გადაწყვეტილება და შეხედულებები გახდა ჩემი თანამდებობიდან დათხოვნის მიზეზი, ეს სრული კატასტროფაა. აქამდე ისიც კი არ იცოდნენ, ჩემი შვილი გოგონა იყო თუ ვაჟი... საინტერესოა, ამდენ ადამიანში როგორ შეამჩნიეს მაინცდამაინც ჩემი შვილი?! ამ ინფორმაციის ერთადერთი წყარო შესაძლოა, ჩვენი სატელეფონო საუბარი იყოს“, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად ეს ფაქტი არ დაუსახელებია. ის მას დაუკავშირდა და მასთან შეხვედრა მოითხოვა.

„ჩემი შეხვედრა მინისტრთან, დაახლოებით, 2-3 წუთს გაგრძელდა. მან მხოლოდ მითხრა, რომ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლების შესახებ. ამით დასრულდა ჩვენი საუბარი, ხოლო როდესაც ცენტრში დავბრუნდი, სამინისტროს მიერ განცხადება უკვე გავრცელებული დამხვდა“, – აღნიშნა მიმინოშვილმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ცალკეულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა დიმიტრი შაშკინსა და მას შორის არსებობდა, მაგრამ იგი ყოველთვის პირნათლად ასრულებდა იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც საბოლოო ჯამში მინისტრი იღებდა. მიმინოშვილმა თავი შეიკავა სამომავლო გეგმებზე საუბრისგან და აღნიშნა, რომ  ახლა ყველაზე მთავარია, არ დაზარალდეს ის საქმე, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდა. „ვეცდები, დავაშოშმინო ჩემი თანამშრომლები, რათა არ დაზიანდეს საერთო საქმე, რომელიც აქტიურ ფაზაში იმყოფება“, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ეს გადაწყვეტილება რეფორმების განხორციელების პროცესში პოზიციების პრინციპული შეუთავსებლობის გამო მიიღო.

„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 28 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის გათავისუფლების თაობაზე. საქართველოს განათლების სისტემაში არა ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა ხორციელდება. მათი მიზანი ჩვენს ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა. სამწუხაროდ,  რეფორმების განხორციელების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობა წარმოიშვა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ზემოთქმულთან დაკავშირებით საქინფორმი აუცილებლად მიიჩნევს, შეახსენოს მკითხველს ქალბატონ მიმინოშვილსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის გასულ ზაფხულს შემდგარი შეხვედრა, რომელსაც ქართული ტელევიზიის ყველა ცენტრალური არხი პირდაპირ ეთერში გადასცემდა. კერძოდ, ხანგრძლივი ჩაის სმის დროს, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციის ტერასაზე ქალბატონ მაიას  სხვადასხვა ჯიშის უცხოური ჩაით უმასპინძლდებოდა, მან მთელ საქართველოს მოუთხრო გულისამაჩუყებელი ამბავი ქალბატონი მაიას ქალიშვილზე, რომელიც იმ ზაფხულს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაიჭრა, რადგან ტესტების კითხვებს ბოლომდე ვერ უპასუხა და საჭირო ქულები ვერ დააგროვა. არადა, გამოცდის წინა დღეს ტესტები ქალბატონ მაიას ჰქონდა. მას შეეძლო, ისინი ჩუმად მიეტანა სახლში თავისი გოგონასთვის, მაგრამ ეს არ გააკეთა! ტრაბახობდა მაშინ პრეზიდენტი მიშა ვარდების რევოლუციის მთავარი გამარჯვებით ადამიანთა მენტალობაში, ცნობიერებაში მომხდარი რევოლუციით, და ქალბატონი მიმინოშვილი პატიოსნების და მაღალი რანგის თანამედროვე ქართველი სახელმწიფო მოხელის ეტალონად მოჰყავდა.

ნუთუ პრეზიდენტთან შეხვედრისგან ექსტაზში მყოფ ქალბატონ მაიას დაავიწყდა, რომ ვაჟი ჰყავს და არა ქალიშვილი, რომელიც გამოცდებზე „ჩაიჭრა“?! რატომ არ შეუსწორა მაშინ პრეზიდენტს, დღეს კი აცხადებს, რომ „აქამდე ისიც კი არ იცოდნენ, ჩემი შვილი გოგონა იყო თუ ვაჟი...“? და საერთოდ – რომელი ჩაი დაალევინა მაშინ მას სააკაშვილმა? ნუთუ ჩაი ნარკოტიკი „ექსტაზით“?!