თბილისი, 29 მაისი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი შეეცდება, შეხვდეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, რომელიც საქართველოში 5 ივნისს ჩამოდის.
„ჩვენ გვექნება მცდელობა (ჰილარი კლინტონთან, – საქინფორმი), თუ მოხერხდება. მე ვიცი, რომ ძალიან მოკლე დროით ჩამოდის და ზუსტად არ ვიცი, რა გეგმებია (კლინტონის, – საქინფორმი)და მოხერხდება თუ არა, ესეც არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მცდელობა გვექნება“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტს 28 მაისს.მან, ასევე, განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის აღსანიშნავად კვირას თბილისში გამართულ აქციას „დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპელებისთვის და ჩვენი ყველაზე დიდი მეგობრის, ყველაზე ძლიერი მეგობრის – ამერიკისთვისაც და ამერიკელებისთვისაც“, რომლებმაც დაინახეს, რომ ქართველების სწრაფვა თავისუფლებისაკენ არის დაუოკებელი, ორგანიზებული და შეგნებული, შემეცნებული და რომ ვერავითარი ძალა ვერ შეძლებს მის შეჩერებას.
საქართველოში ვიზიტის დროს ჰილარი კლინტონი ბათუმში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის, შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს და პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ფართო სპექტრთან გამართავს მოლაპარაკებებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება.
2012 წლის მარტში ივანიშვილმა არ მიიღო მონაწილეობა საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდო ვესტერველესთან შეხვედრაში. მასთან ერთად შეხვედრას უნდა დასწრებოდა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელიც – პარტიის, რომელსაც ივანიშვილი „ფსევდოოპოზიციურ“ პარტიად მიიჩნევს.
„Spiegel Online“-თვის მარტში მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა ამის თაობაზე განაცხადა: „გულწრფელად რომ გითხრათ, მან (გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, – საქინფორმი) ცოტათი შეურაცხყოფა მომაყენა. მან იმ ფსევდოოპოზიციის წევრებთან ერთად დამპატიჟა იმავე შეხვედრაზე, რომლებიც სააკაშვილის ჯიბეში სხედან. ალბათ, მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს საბედისწერო გზავნილს შეიცავდა, კერძოდ კი იმას, რომ დასავლეთს არ ადარდებს ჩვენ კოალიცია“.
ცნობისათვის: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს ევროპის შვიდ ქვეყანაში 31 მაისიდან 7 ივნისამდე დაგეგმილი ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ეწვევა, რომლის დროსაც იგი, ასევე, ესტუმრება დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს. კლინტონი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა, ხოლო 6 ივნისს აზერბაიჯანში გაემგზავრება, საიდანაც 7 ივნისს თურქეთს ესტუმრება და სტამბულში გლობალური კონტრტერორიზმის ფორუმის მინისტერიალში თანათავმჯდომარის რანგში მიიღებს მონაწილეობას.