სამართალი
მამა გიორგი (ზვიადაძე): „წმიდა ეკლესიაში შეძახილები, ტაშის დაკვრა სრულიად მიუღებელია“

1samebaSiთბილისი, 28 მაისი, საქინფორმი. მამა გიორგიმ (ზვიადაძე) ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილი საზოგადოება ოვაციებისა და ტაშის გამო გააკრიტიკა. „ეკლესიას თავის სწორი ქვეყანაზე არ ჰყავს, ეკლესია პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობს, ეკლესია არის ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების ძალა, ეკლესია ყოველმხრივ აღემატება ყველაფერ ამქვეყნიურს, ამიტომ მოგმართავთ ყველას, რომ წმიდა ეკლესიაში შეძახილები, ტაშის დაკვრა არის სრულიად მიუღებელი“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ ყოვლადწმიდა სამების ტაძარში ქადაგებისას.

მისივე განმარტებით, ყოვლადწმიდა სამების ტაძრის სასულიერო პირებმა ყველა გარდაცვლილისთვის გადაიხადეს პანაშვიდი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ რომელ მხარეს იბრძოდა.

„ჩვენ ყველას მიმართ გვაქვს დიდი პატივისცემა. დღეს პანაშვიდის დღეა და ამიტომაც გვინდა, რომ ყველა ადამიანი, რომელიც სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს დაიღუპა, მოვიხსენიოთ. ამ ადამიანების დაღუპვა დიდი დანაკლისია, ყოველთვის ყველა ადამიანის გარდაცვალება არის ძალიან დიდი ტკივილი“, –აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.

ამასთან, მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, საქართველოს ეკლესიისა და წმიდა სინოდის სახელით 26 მაისის მოვლენებისას გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ვუსამძიმრებთ ყველას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ რომელ მხარეს იბრძოდა. ამასთან, გვინდა, ყველა თქვენგანი დაგლოცოთ და გისურვოთ, რომ იყოთ ყოველთვის ბედნიერნი“, – მიმართა ყოვლადწმიდა სამების ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას მამა გიორგიმ.

სამების საკათედრო ტაძარში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისას დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძესა და „სახალხო კრების“ წარმომადგენლებთან მივიდა და ხელი ჩამოართვა, რასაც ტაძარში მყოფი საზოგადოება ტაშითა და ოვაციებით შეხვდა.

პანაშვიდს „დემოკრატიული საქართველო – ერთიანი საქართველოსა“ და „სახალხო კრების“ წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ლიდერებიც ესწრებოდნენ.