სამართალი
ირანის პრეზიდენტი მოძმე ქართველ ერს ულოცავს

1mahmud-samart3თბილისი, 28 მაისი, საქინფორმი. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა თავისი ქართველი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში საქართველოს  დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„პრეზიდენტმა თავის გზავნილში იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება ორმხრივ და საერთაშორისო სფეროებში და ჩამოყალიბდება მშვიდობა, სამართლიანობა და აღმოიფხვრება დისკრიმინაცია მსოფლიოს მასშტაბით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ირანის პრეზიდენტის ვებგვერდზე 26 მაისს გამოქვეყნდა.

„ვიყენებ შესაძლებლობას და ვთხოვ ყოვლისშემძლე ღმერთს აყვავებას და პროგრესს დიდი მოძმე ქართველი ერისთვის და მთავრობისთვის“, – ნათქვამია ირანის პრეზიდენტის მისალოცში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ირანის პრეზიდენტმა მისალოცი ბარათი მიხეილ სააკაშვილს 2008 წელსაც  გაუგზავნა, როდესაც ის მეორედ იქნა არჩეული საქართველოს პრეზიდენტად. 2012 წლის მარტში საქართველო იმ 38 ქვეყანას შორის იყო, რომელთა ლიდერებმაც ირანის პრეზიდენტისგან ნოვრუზთან დაკავშირებით მისალოცი ბარათები მიიღეს.