თბილისი, 28 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძის განცხადებით, სერბეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოზე გაკეთებული განცხადება შეშფოთების საფუძველს არ იძლევა.
კაპანაძის თქმით, სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, ამიტომ საქართველოსა და სერბეთს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთო მისწრაფებები აქვთ.„შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, რადგან აღიარებაზე საუბარი არ არის. ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვს საერთო. ხვალიდან ამ საკითხზე სერბულ მხარესთან კონსულტაციები დაიწყება“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტმა სერბეთის პრეზიდენტს კითხვა მაშინ დაუსვა, როდესაც ტომისლავ ნიკოლიჩი კოსოვოში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობდა. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, აფხაზეთისა და კოსოვოს სიტუაციები ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ ერთი და იგივე პრინციპები არ შეიძლება იყოს გამოყენებული.
„თუ ასეთი საკითხი დაისმება პარლამენტში, ის განხილული იქნება. ამით ჩვენ კოსოვოში ჩვენს ინტერესებს არ ვემუქრებით. აქ პრინციპულად დიდი სტატუსობრივი განსხვავებაა. თუ თქვენ პატივს სცემთ საერთაშორისო სამართალს, მაშინ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შეიძლება იყვნენ დამოუკიდებლები, კოსოვო და მიტოხია კი – არა“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.