თბილისი, 28 მაისი, საქინფორმი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ახალი პარლამენტის ნაწილობრივ დასრულებულ შენობაში პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დეპუტატებს სიტყვით მიმართა.
სააკაშვილი პარლამენტის ახალ შენობაში ჩაფხუტით ხელში შევიდა, რომელიც სიტყვით გამოსვლამდე „ქრისტიან-დემოკრატიულიმოძრაობის“ ლიდერ გიორგი თარგამაძეს გადასცა. დეპუტატები ოპოზიციიდან პარლამენტის დაუმთავრებელ შენობაში უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო სხდომის გამართვის მიზანშეწონილობის საკითხს აყენებდნენ. თავდაპირველად, „ქრისტიან-დემოკრატების“ ფრაქცია არ აპირებდა პარლამენტის სიმბოლურ სხდომაში მონაწილეობას, თუმცა მოგვიანებით შეცვალა გადაწყვეტილება და ქუთაისში გამართულ სხდომას დაესწრო. დეპუტატებმა ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციიდან „ერთობა სამართლიანობისთვის“ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს.„რა თქმა უნდა, წყალიც ჩამოვა [პარლამენტის ახალ შენობაში] აუცილებლად, მათთვის, ვინც ჩასაფრებულია, მინდა, ვუთხრა, აუცილებლად რაღაცა ნაწილი სახურავის ქარმაც შეიძლება წაიღოს კიდევაც. ეს აუცილებლად მოხდება, როცა ახალ შენობას აშენებ, ყოველთვის შეიძლება ამას ასეთი რაღაცა მოყვეს. მაგრამ ამაში ჩვენ ის გვაკრიტიკებს, ვინც 15 წელი არ აპროტესტებდა, რომ ყველაფერს ანგრევდნენ; ვისაც დღეს უნდა ყველაფრის უკან დაბრუნება და რაღაცეების დანგრევა. იმათგან მე ამ საყვედურს არ მივიღებ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან პარლამენტის დაუმთავრებელი შენობა „ახალ საქართველოს“ შეადარა. „ეს შენობა არის ახალი, როგორც ჩვენი ქვეყანა; ახალი, როგორც საქართველო, რომელიც ჯერაც დაუმთავრებელი მშენებლობაა“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მართალია, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ „ახალი საქართველოს შენება ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისგან“.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბევრი მოქალაქე საქართველოს პროგრესისგან ჯერჯერობით ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს.
„საქართველო, რა თქმა უნდა, დაუმთავრებელი შენობაა დემოკრატიის თვალსაზრისითაც, – განაცხადა მან, – ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საერთო ძალისხმევის შედეგად იყოს ყველაზე სამართლიანი, თავისუფალი, დემოკრატიის უმაღლესი ხარისხით“.
„რა თქმა უნდა, არის ხალხი, ვინც არჩევნებისთვის კი არ ემზადება, ემზადება არჩევნების გამოსაყენებლად იმისათვის, რომ ქვეყანა ჩამოაშოროს განვითარების გზას, იმისათვის, რომ შემდგომი სამიტი არ გახდეს ნატოს გაფართოების სამიტი საქართველოს მიმართულებით – რა თქმა უნდა, მათ ამის დავალება აქვთ მიღებული, ჩვენ ეს კარგად ვიცით და ისინი ამაზე მუშაობენ“, – აღნიშნა მან.
„ვიცით, რომ საქართველოს მეზობელმა ჩვენი არჩევნების პარალელურად დანიშნა ძალიან დიდი სამხედრო სწავლებები და შეეცდება, რომ ამ სწავლებებს მისცეს საბაბი იმისათვის, რომ არჩევნების პერიოდში რაღაცა მოიმოქმედოს მისი სანუკვარი მიზნით – საქართველოს ხელისუფლების დამხობის თვალსაზრისით. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით და ჩვენ ყველაფერი ვიცით, რომ ეს გეგმები არსებობს; ყველაფერი ვიცით, რომ ეს ფული შემოედინება; ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ამისთვის კეთდება“, – განაცხადა მან.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი, როგორც არასდროს, დადგება საკუთარი დემოკრატიის და საკუთარი მომავლის გადასარჩენად და სადარაჯოზე, – განაგრძო მან. – შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ქვეყნის წარმატება, ჩვენ როგორც ხელისუფლებამ ვიცით, საზოგადოებამდე მიიტანო, თუკი ყველაზე მაღალი სტანდარტით არ იქნება დაცული ხალხის დემოკრატიული უფლებები. უმუშევრობისა და გასაჭირისგან გათავისუფლებას მხოლოდ თავისუფალი ხალხი ახერხებს“.
სააკაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ დეცენტრალიზაცია მისი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანას ხელისუფლება „დეცენტრალიზაციისკენ“ მიმართულ ძალისხმევად აფასებს.
სააკაშვილის თქმით, დეცენტრალიზაცია, ასევე, ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის მეტი ძალაუფლების მინიჭებას, რისკენაც იდგმება ნაბიჯები, მათ შორის, ორი წლის წინ თბილისის მერის პირდაპირი არჩევითობის შემოღების სახით.
„გთავაზობთ, თამამი ნაბიჯებით განვაგრძოთ სვლა შემდგომი დემოკრატიზაციისა და დეცენტრალიზაციისკენ... უნდა დავაახლოოთ ადგილობრივი ხელისუფლება ხალხთან, უფრო მეტად გავზარდოთ ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე“, – განაცხადა მან, თუმცა ინიციატივის დეტალები არ დაუკონკრეტებია.
მისი თქმით, დეცენტრალიზაციის პროცესი უფრო მეტია და მხოლოდ ცენტრად და პერიფერიებად დაყოფის გაუქმებას არ ნიშნავს.
„მე მსურს, საქართველოში ყველა გრძნობდეს, რომ სწორედ ის ადგილია ცენტრი, სადაც თავად ცხოვრობს განხორციელებული სასიკეთო ცვლილების შედეგად, რომ მოქალაქე არის ყველა ჩვენი რეფორმის ცენტრი“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, პარლამენტის გადატანა და დეცენტრალიზაციის პროცესი იმ მიზანსაც ემსახურება, რომ „აფხაზეთი და აფხაზები ისევ აღადგენენ ფაქტობრივ კავშირს ჩვენს ერთიან სამშობლოსთან და სოხუმი გახდება ახალი დიდი რეგიონალური და, რა თქმა უნდა, საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი“.
„პარლამენტის გადმოსვლის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია არის ეს. საქართველოს გაერთიანება დაიწყო დავით აღმაშენებელმა აქედან“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ბევრი ცენტრის გაჩენა არის ერთიანობის ყველაზე მყარი საფუძველი“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, პარლამენტის ქუთაისში გადატანა ხალხის ხელში ძალაუფლების დაბრუნების ტოლფასია, რაც დაასრულებს საქართველოს დაყოფას აღმოსავლეთად და დასავლეთად. ამ კონტექსტში მან მითოლოგიური გმირი პრომეთე ახსენა, რომელმაც ზევსს ცეცხლი კაცობრიობისათვის გადასაცემად მოჰპარა.
„ახალი პოლიტიკური პრომეთეიზმის დროა ახლა, რათა პოლიტიკური ძალაუფლება აღარასდროს დარჩეს ერთი მუჭა ერთი და იგივე ჯგუფის ხელში. იმ ჯგუფის, რომელიც საჯაროდ აცხადებს თურმე, რომ არამდიდარს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ისაუბრა „ბნელეთის ძალებზეც“, რომლებიც ვერასდროს დააბრუნებენ საქართველოს „ვერავის ჩექმების სალოკავად“.
„საქართველო აღარასდროს იქნება არავის პერიფერია და მონური ფსიქოლოგიის ჯერ კიდევ დარჩენილი მეხუთე კოლონა საქართველოს ვეღარ დააბრუნებს ვერავის ჩექმების სალოკავად. ვერასდროს, ის ხალხი, ვინც თვლის, რომ საქართველოს ტერიტორიის დასაცავად ქართველებმა ომი დაიწყეს და ამისთვის ისინი უნდა დაისაჯონ, რომ თურმე ერთადერთი გზა საქართველოს გადარჩენის არის დამპყრობლის ჩექმის ლოკვა და იმის გემოს ხელახლა გაგება, ის ხალხი ვერასდროს ვეღარ დააბრუნებს საქართველოს განაპირა, მიტოვებული, დამცირებული ქვეყნის სტატუსში“, – განაცხადა მან.
„რამდენადაც არ უნდა ეპოტინებოდნენ კორუფციის ბნელი მოციქულები უკან ძალაუფლებას – მინდა, ეს კიდევ ერთხელ ვთქვა ჩვენი ხალხის დასაწყნარებლად იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, როცა ამ სახეებს ხედავენ, ადამიანებს უჩნდებათ საფრთხის განცდა – ვერასდროს ისინი ვეღარ დაბრუნდებიან, – განაგრძო მან. – ჩვენმა ხალხმა გაუგო ერთხელ და სამუდამოდ გემო ერთიანობას და თავისუფლებას. წარსულის ბნელი ძალები რა ფულითაც არ უნდა შეიარაღდნენ, როგორი ტყუილებიც არ უნდა ილაპარაკონ, რამდენიც არ უნდა იოცნებონ ხიდის დანგრევაზე ან ახალი მშენებლობების შეჩერებაზე, ვერ შეაჩერებენ ქართველი ხალხის სიჩქარეაკრეფილ მოძრაობას, მოგზაურობას პროგრესისკენ, ხელისუფლებისა და პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილებისკენ, ერთიანობისკენ, დასავლეთისკენ და ევროპისკენ“.
„ხიდების დანგრევის ოცნებაზე“ საუბრისას მას დიდი ალბათობით მხედველობაში ჰქონდა ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული პოზიცია თბილისის ცენტრში აგებულ შუშის „მშვიდობის ხიდზე“. გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თბილისში შუშის ხიდის აღებას აპირებს – კონსტრუქციის, რომელიც მან ურჩხულს შეადარა. 25 მაისს ტელეკომპანია „მაესტროში“ სტუმრობისას მან ეს თემა ჟურნალისტის კითხვის პასუხად კიდევ უფრო განავრცო და განაცხადა, რომ „Facebook“-ის მეშვეობით აპირებს, გამოაქვეყნოს იმ სამი ალტერნატიული პროექტის ესკიზი, რომლებიც უცხოელებმა მისი დაკვეთით შექმნეს და, ამავე დროს, სურს, კონკურსში ქართველებმაც მიიღონ მონაწილეობა. „თბილისელებმა გადაწყვიტონ, როგორი ხიდი უნდათ. ამ ხიდის არჩევანიც ექნებათ ერთ-ერთი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ თუკი თბილისელები არსებულ ხიდს მიანიჭებენ უპირატესობას, ასეთ შემთხვევაში ხელს არაფერს ახლებს.
პარლამენტში გამოსვლის შემდეგ სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული სამხედრო აღლუმი ჩაიბარა.
აღლუმში მონაწილეობა მიიღო შეიარაღებეული ძალების ქვეითთა პირადმა შემადგენლობამ, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობა განაგრძო შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკამ, საარტილერიო სისტემებმა და საფრენმა აპარატებმა.
აღლუმში მონაწილეობდა საქართველოში დამზადებული მუხლუხოიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“; „დიდგორის“ სამი მოდიფიკაციის ჯავშანმანქანები; უპილოტო საჰაერო სისტემა; 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი; საარტილერიო სისტემა „მსტა“; საარტილერიო სისტემა „გიაცინტი“; ჰამერის ტიპის შეჯავშნული მრავალფუნქციური მანქანა; ჯავშანტრანსპორტერები „კობრა“, „ვულფი“ და „ეჯდერი“; ისრაელის კომპანია „Rafael Advanced Defense Systems“-ის წარმოებული „პითონ-4“ ტიპის რაკეტებით აღჭურვილი საზენიტო სარაკეტო სისტემა; თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ოსა“; თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „დანა“; ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „რმ-70“; ზალპური ცეცხლის საარტილერიო დანადგარი „გრად-ლარი“; თვითმავალი მუხლუხოიანი საარტილერიო დანადგარი „2ს-1“; ტანკი „ტ-72“; შვეულმფრენი UH-1H (იროკეზი); შვეულმფრენი „მი-8“; საბრძოლო მოიერიშე შვეულმფრენი „მი-24“; სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი „ლ-39“ „ალბატროსი“; მოიერიშე თვითმფრინავი „სუ-25“.
იმავე დღეს თბილისმა რუსთაველის გამზირზე, სადაც ტრადიციულად დამოუკიდებლობის დღე სამხედრო აღლუმით აღინიშნებოდა, ამჯერად საქართველოში დამზადებული პროდუქციის სამრეწველო აღლუმს უმასპინძლა.