საზოგადოება
უცხოური მედია „ქართული ოცნების“ თბილისური აქციის შესახებ

1masmedia-sazogad-3თბილისი, 28 მაისი, საქინფორმი. უცხოური მედია კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში გამართულ მასშტაბურ აქციას ეხმაურება. როგორც „The Washington Post“ წერს, ეს იყო ყველაზე დიდი ანტისამთავრობო აქცია, რომელიც საქართველოში ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულა. გამოცემა წერს, რომ დემონსტრაციაში, სულ მცირე, 40 000 ადამიანი მონაწილეობდა და ეს აქცია საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის მხარდაჭერის გარკვეულ ტესტს წარმოადგენდა.

„ეს საპროტესტო აქცია ორგანიზებული იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც არის საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და ფილანტროპი. ის გასულ ოქტომბერში მოვიდა პოლიტიკაში და გამოაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებდა იმისთვის, რომ მოეგო საპარლამენტო არჩევნები, გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი“, – წერს „The Washington Post“.

„ბი-ბი-სი“ კი აღნიშნავს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია ყოველგვარი ექსცესებისა და დაკავებების გარეშე დასრულდა. გამოცემის ინფორმაციით, ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბა, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

აქციას ეხმაურება „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროც. მათი ინფორმაციით, ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე, რომელიც „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ერთგვარი ძალის დემონსტრირება იყო“.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიურო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აქციას საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერი ნინო ბურჯანაძეც ესწრებოდა. „ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავტორიტარულ მიდრეკილებებში დაადანაშაულა. ადგილობრივი პოლიცია არ ამბობს, რამდენი ხალხი იყო აქციაზე, თუმცა სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2009 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე მასშტაბური აქცია, რომელიც საქართველოში გაიმართა“, –წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიურო.

აღინიშნება, რომ თავისუფლების მოედანზე გამართული მასშტაბური აქციით კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.