პოლიტიკა
ჯონ ბასი: „წუხილს იწვევს პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია“

1bass-politika-2თბილისი, 28 მაისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ უფრო მტკიცე ქართული დემოკრატია საჭიროებს მაქსიმალურად შესაძლებელ კონკურენტულ გარემოს მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც „Facebook“-ის თავის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ელჩის თქმით, ამერიკის მიერ გამოყოფილი დახმარება (მათ შორის, შარშან გამოყოფილი 60 მლნ დოლარის ოდენობით ახალი ინვესტიცია) მიმართულია საარჩევნო რეფორმის მხარდასაჭერად; მათ შორის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების გასაძლიერებლად.

„თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ რა მოხდება არჩევნების დღეს, არამედ, ასევე, არჩევნების წინა თვეებში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე“, – განაცხადა ჯონ ბასმა. მისივე თქმით, ამერიკის წუხილს იწვევს ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროების შესახებ.

ამერიკის ელჩმა ისაუბრა ამერიკის შეუქცევად პოლიტიკაზეც, რომ მხარი დაუჭიროს და დაიცვას ადამიანის უფლებების დამცველები. „მდივანმა კლინტონმა მოუწოდა ლიდერებსა და მთავრობებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნიონ „არა მოწინააღმდეგედ, არამედ პარტნიორებად“, – აღნიშნა ბასმა.

მისი განცხადებით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად საელჩო გააგრძელებს ურთიერთობას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. მათ შორის, რელიგიურ ლიდერებთან, ადამიანის უფლებების დამცველებთან, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებთან.

„აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები გააგრძელებენ საუბარს საქართველოს ოფიციალურ პირებთან, როდესაც გვექნება წუხილი საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. ასევე, ყოველთვის მზად ვართ, ვაღიაროთ მიღწეული პროგრესი“, – განაცხადა ჯონ ბასმა.