თბილისი, 25 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ამერიკის საელჩოდან იტყობინებიან, აღნიშნული ანგარიში აშშ-ის ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილია მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა პატივისცემის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში საერთაშორისოდ აღიარებულ ინდივიდუალურ, სამოქალაქო, პოლიტიკურ, აგრეთვე, მშრომელთა იმ უფლებებს ეხება, რომლებიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაშია ჩადებული.
საელჩოს განცხადებით, აღნიშნული ანგარიში ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დარღვევის აღკვეთას და გააძლიერებს სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებს.„წლევანდელი ანგარიში ახლებური ფორმატითაა შედგენილი. ახალმა ფორმატმა ანგარიშის ზომა შეამცირა და მისი წაკითხვა გააიოლა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პრობლემებზე, რომელთა მოსაგვარებლად და საერთაშორისო სტანდარტების მისაღწევად გარკვეული სამუშაოა ჩასატარებელი. შემოკლებულ ანგარიშში, გასული წლების ანგარიშებისაგან განსხვავებით, პროგრესს ნაკლები ყურადღება ეთმობა“,– ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი 2011 წელს საქართველოში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებების შესახებ თავის ვიდეომიმართვაში საუბრობს. საქართველოს წარმატებებს შორის აღსანიშნავია: საერთაშორისო სტანდარტების ახალი საპატიმროების აშენება, დანაშაულთა გარკვეული კატეგორიისათვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება, აგრეთვე, რელიგიური უმცირესობებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტრირების საშუალების მინიჭება.
1961 წელს მიღებული „უცხოური ქვეყნების დახმარების შესახებ“ კანონისა და 1974 წელს მიღებული „ვაჭრობის შესახებ“კანონის შესაბამისად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის კონგრესს ადამიანის უფლებათა ანგარიშს ყოველწლიურად უგზავნის.