სამართალი
უფლებადაცვითი ახალი ორგანიზაციის პრეზენტაცია

1axalg-advok-samarTali-2თბილისი, 25 მაისი, საქინფორმი. დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალგაზრდული უფლებადაცვითი ახალი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ პრეზენტაცია გაიმართება.

ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების მიერ დაფუძნებული გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის დემოკრატიის, უფლებებისა და მართლმსაჯულების განვითარების პროცესში აქტიური უფლებადაცვითი საქმიანობის განხორციელებას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება ადვოკატთა ინსტიტუციური განვითარება და ამ პროცესში ახალგაზრდა ადვოკატების ჩართულობის გაზრდა.

ორგანიზაცია, რომელიც 35 წლამდე ასაკის საქართველოში მოქმედ ადვოკატებს გააერთიანებს, მიზნად ისახავს ადვოკატთა ასოციაციის ახალგაზრდა თაობის პროფესიული მოტივაციის ამაღლებას, სარბიელზე გამოსვლას, ერთობლივ კონფერენციებს, შეხვედრებს, თემატურ მრგვალ მაგიდას, საკანონმდებლო წინადადებების, ერთობლივი პრესკონფერენციების, ინიციატივებისა და კვლევითი საქმიანობის განხორციელებას.

პრეზენტაციაზე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვა და საქმისწარმოების კონკრეტული მიმართულებები, სრულიად ახალი ინიციატივები ქვეყნის სამართლებრივი მოვლენების პროცესში, ინიციატივები ადვოკატთა ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, კონკრეტული წინადადებები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური უფლებების განხორციელებისათვის.

„ჩვენ ავირჩიეთ საკმაოდ მძიმე პროფესია, თუმცა – ქვეყნის გამოსწორების სურვილით“, – ნათქვამია ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვისა და საქმისწარმოების დოკუმენტში, რომელიც 2012-2015 წლის სამუშაო სახელმძღვანელოდ მომზადდა. ახალ ორგანიზაციას უფლებადაცვით და მედიასფეროში კარგად ცნობილი ახალგაზრდა სახეები უხელმძღვანელებენ. მოხდება „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდის ოფიციალური წარდგენაც.

შეხვედრას იურიდიული სფეროს წარმომადგენლები, ექსპერტები, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრებიან.