პოლიტიკა
თბილისი, 25 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხელმოსაწერად დღეს გადაეგზავნება.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მესამე, საბოლოო, მოსმენით 22 მაისს მიიღო. კონსტიტუციას შემდეგი შინაარსის 104/4 მუხლი დაემატა: „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან, ასევე, აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“.პარლამენტმა ასეთი ცვლილებები მას შემდეგ მიიღო, რაც ხელისუფლებამ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა.
როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის მიერ ცვლილებების დამტკიცების დღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მიმართა, რომელშიც მოუწოდა – კონსტიტუციურ ცვლილებებს ხელი არ მოაწეროს.