პოლიტიკა
კიდევ 7-10 წელი ხელისუფლებაში?

1bakraze-poliotika-2თბილისი, 25 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ საკანონმდებლო ორგანოში ახალგაზრდული პარლამენტის წევრები მიიღო.  მისი აზრით, ერთი და იგივე ადამიანები არ შეიძლება 20 და 25 წლის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ქვეყნის მომავალს წარმოადგენენ.

ბაქრაძე მიიჩნევს, რომ 25 წლის განმავლობაში ადამიანი პოლიტიკაში მორალურადაც, ღირებულებებითაც, ცოდნითაც ,უბრალოდ, ცვდება, ამიტომ პოლიტიკაში მუდმივად ახალი თაობა უნდა მოდიოდეს.

„როდესაც ვიგრძნობ, რომ ვადა გაგვივიდა, ნამდვილად წავალ და თაობა, რომელსაც ეს ქვეყანა უნდა გადავაბაროთ, თქვენ ხართ“, – მიმართა ბაქრაძემ ახალგაზრდებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ კონკრეტული დრო დაასახელა, როდესაც, მისი აზრით, ახალი თაობა ხელისუფლებას გადაიბარებს.

„როდესაც ვამბობ, რომ თქვენი თაობა ჩაიბარებს და გადაიბარებს ხელისუფლებას, მე არ ვლაპარაკობ  ამას 30 და 40 წლის პერსპექტივით, ეს შეიძლება მოხდეს სულ რაღაც 7-8 -10 წელიწადში. 8 და 10 წელი ცხოვრებაში ძალიან სწრაფად გადის. ამიტომ მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენ უნდა იყოთ ის თაობა, რომელიც ამ ქვეყანას წინ წაიყვანს და დაწყებულ რეფორმებს დაასრულებს“.

პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებსაც ეხმიანება, რომელიც დეპუტატის ასაკის 25 წლიდან 21 წლამდე დაწევას ითვალისწინებს. ბაქრაძის თქმით, სადეპუტატო ასაკის დაწევის შესახებ ბევრი კრიტიკა ისმის. მაგალითისთვის მან  გერმანია და გაერთიანებული სამეფო დაასახელა, სადაც საკანონმდებლო ორგანოში მოქალაქეს 18 წლიდან ირჩევენ.

„თუ გერმანიაში 18 წლის ასაკიდან შეიძლება პარლამენტის წევრის არჩევა, ვერავინ ვერ დამისაბუთებს, რატომ არ შეიძლება, თუნდაც, ამავე ასაკიდან ან ,უკიდურეს შემთხვევაში, 21 წლის ასაკიდან საქართველოში აირჩეს პარლამენტის წევრი? რითაა ჩვენი ახალგაზრდა უფრო შეუგნებელი, უფრო განუვითარებელი და რატომ არ შეიძლება მაინცდამაინც ქართველი ახალგაზრდა იყოს არჩეული 21 წლიდან?“ – აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე შეფასებით, ეს გადაწყვეტილება იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგი პარლამენტი 21 წლის ახალგაზრდებით გაივსება, შეიძლება ასეთი, მაქსიმუმ, 2 ან 3 ადამიანი იყოს.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს, ბაქრაძე აღნიშნავს, რომ მოქმედი ხელისუფლება მყისიერ, ელექტორალურ ეფექტსა და არჩევნებზე გათვლით ნაბიჯებს არ დგამს.

„დამიჯერეთ, რომ ძალიან ბევრი მომგებიანი ლოზუნგის მოგონება შეიძლებოდა, რომელიც ხალხს მოეწონებოდა“, – ამბობს ბაქრაძე.

მისი თქმით, ახლა აკეთებენ განცხადებებს იმის შესახებ, რომ პენსია 220 ლარი უნდა იყოს. „რატომ არ უნდა იყოს 240?“ – სვამს კითხვას ბაქრაძე.

„არჩევნებზე რომ ვიყოთ ორიენტირებულნი, ვიტყოდი, რომ პენსია მომავალი წლიდან 220 კი არა, 320 ლარი უნდა იყოს. ხალხს უფრო მოეწონებოდა. ქვეყანაში პენსიის 10 ლარით გაზრდა  წელიწადში 100 მილიონი ლარი ჯდება, და დღევანდელი პენსია რომ 220 ლარი გახდეს, ამას დამატებით 900 მილიონი ლარი სჭირდება. მაშინ ისიც მითხრას ვინმემ, ეს თანხა საიდან უნდა მოვიდეს?“– აღნიშნა ბაქრაძემ.