საზოგადოება
თბილისი, 25 მაისი, საქინფორმი. დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრისა და ინტერნეტჟურნალი „ამბიონის“ ორგანიზებით იმართება მხარდამჭერი ღონისძიება, რომელიც სტამბულში ქართული ბიბლიოთეკის დაარსებას ეძღვნება.
ეს ისტორიული მოვლენა ხორციელდება „საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციისა“ (თავმჯდომარე ალი რიზა ალთუნელი) და „თურქეთთან მეგობრობის ასოციაციის“ (თავმჯდომარე ოთარ ნადირაძე) ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით.ღონისძიების ფარგლებში მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ბიბლიოთეკას პირველ საჩუქარს – 100 წიგნს, გადასცემს.
ბიბლიოთეკის შექმნაში თითოეულ ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება საჩუქრად წიგნის გადაცემის სახით.
ღონისძიებაზე გაიმართება ინტერნეტჟურნალ „ამბიონისა“ და ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი – „სხვა საქართველო...“ – პრემიერა, რომელიც თურქეთის ქართველების ცხოვრებას ასახავს.
ღონისძიებას დაესწრებიან სტამბულიდან საგანგებოდ მოწვეული სტუმრები.