სამართალი
მინდია გულუას ღია წერილი

1gulua-samarT-3თბილისი, 24 მაისი, საქინფორმი. მინდია გულუა, მთავარი მრჩეველი პარტიისა „განახლებული საქართველოსთვის“ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ღია წერილით მიმართავს აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულებას ბატონ ჯონ ბასს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში, ელჩს, მის აღმატებულებას, ბატონ ფილიპ დიმიტროვს; გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში, მის აღმატებულებას ქალბატონ სიმონე უოლკენს; ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, ქალბატონ კატერინა ბოლონიეზეს:

თითქმის ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 12 მაისს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, კერძოდ, თბილისში, რუხში (ზუგდიდის რაიონი), ბათუმში, ხობში, ჩხოროწყუში, პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის“ და დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა მრავალათასიანი შეკრება, რომლის პრეცედენტი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში არ შექმნილა დევნილთა აქტივობისა და სიმრავლის თვალსაზრისით. აღნიშნული ღონისძიება ფართოდ გაშუქდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებებით, რამაც ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რეზონანსი გამოიწვია. აღნიშნული ღონისძიებისთვის მზადება უმოკლეს დროში და ფორსმაჟორულ ვითარებაში განხორციელდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს, განსაკუთერბით ძალოვან სტრუქტურებსა და სპეცსამსახურებს (კუდი, სოდი), ერთი წუთითაც არ მოუდუნებიათ ყურადღება დევნილთა აქტივობის მიმართ და სხვადასხვა მექანიზმებით(დაშინება, ზეწოლა, მუქარა, ანგარიშწორება) ცდილობდნენ ამ ღონისძიებისთვის ხელისშეშლას, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

მე თვითონ დევნილი გახლავართ სოხუმიდან, ადამიანი, რომელსაც 1993 წლიდან იარაღით ხელში მოუხდა ბრძოლა საკუთარი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და იმ კუთხისთვის, რომლის დაბრუნებაზე ოცნებასაც არასოდეს მივუტოვებივარ სოხუმის დაცემის შემდგომ. სოხუმთან ერთად  მე და ჩემმა ოჯახმა დავკარგეთ ყველაფერი, მათ შორის ჩემთვის სანუკვარი მამის საფლავიც (იმედი მაქვს დროებით), რომელიც აგერ უკვე 19 წელია თვალით არ მინახავს. მთელი ჩემი ცხოვრება სოხუმის დაცემიდან დღემდე, ჩემი პიროვნული, თუ პროფესიული წარმატება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა, ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი სოხუმის სასახელოდ და იმ ადამიანების კეთილდღეობისათვის, ვინც საკუთარი სახლიდან დევნილის ყოფა გაიზიარა და ვისაც  უპასუხისმგებლო და დამნაშავე პოლიტიკოსების გამო უმძიმესი ბედისწერა ხვდა წილად. დღეს მე შეძლებული ბიზნესმენი ვარ რუსეთის ფედერაციაში და ამავე დროს ვხელმძღვანელობ სრულიად რუსეთის საზოგადოებრივ მოძრაობას ,,საქართველოსთვის“, რომელიც ამ უზარმაზარი ქვეყნის 53 რეგიონში აერთიანებს საქართველოდან დევნილ მოსახლეობას და ცდილობს პატარა საქართველოსა და ქართული კულტურის კერების შექმნით არ დაავიწყოს ქართველებს საკუთარი სამშობლო და მშობლიური ენა. მიუხედავად იმ ქველმოქმედებისა და საქმიანობისა, რაც ამ ორგანიზაციის ეგიდით გაწეული მაქვს ჩემი ხალხისთვის, მე დღეს საქართველოში შემოსვლა არ შემიძლია, რადგან საქართველოს სპეცსამსახურებისთვის წარმოვადგენ კონსტიტუციურ საფრთხეს საკუთარი ქვეყნისთვის, თუმცა ხელისუფლებისაგან დღემდე არ მაქვს მიღებული ოფიციალური პასუხი ჩემი ბრალეულობის შესახებ.

როგორც პიროვნებას და ბიზნესმენს, მე არ მომეცა არანაირი საშუალება დახმარება გამეწია ჩემი დევნილებისთვის საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით, რადგან შარშან ხელისუფლების მიერ შეჩერებულ იქნა ფონდის საქმიანობა და ყადაღა დაედო მის ანგარიშს.

2011 წლის ნოემბერში ჩემს თანამოაზრეებთანერთად ჩამოვაყალიბე პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის“, რომლის თავმჯდომარედაც სადამფუძნებლო ყრილობამ აირჩია ჩემი და ნანა გულუა, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

მას შემდეგ სწორედ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ღონისძიებად პარტიამ დაისახა დევნილებთან ერთად ჩაეტარებინა მრავალათასიანი შეკრებასაქართველოს მასშტაბით და 12 მაისი გამოცხადებულიყო აფხაზთა, ქართველთა და ოსთა შერიგებისა და ერთობის დღედ. 12 მაისის აქციამ გამოცდა ჩააბარა, ჩვენი შეფასებით საკმაოდ წარმატებით, რადგან მან მოახერხა უმთავრესი, კიდევ ერთხელ ერთად შეკრიბა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობა და აჩვენა საზოგადოებას, რომ ეს ხალხი ცოცხალია, რომ ამ ხალხს ღირსება გააჩნია და რომ ეს ხალხი მზად არის დაბრუნდეს მშობლიურ აფხაზეთში და სამაჩაბლოში. ხელისუფლება კი, როგორც სჩანს, სხვაგვარად ფიქრობს. მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ ხელისუფლებისაგან ოფიციალურად მიიღო დასტური აქციის გამართვაზე ყველა ქალაქში, სამეგრელოში ძალოვანმა სტრუქტურებმა და სპეცსამსახურებმა ნამდვილი ომი გამოუცხადეს ჩვენს აქტივისტებს და არ მისცეს  ხალხის შეკრების საშუალება. მათ შეძლეს მძღოლების დატერორება და სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება. მიუხედავად ამისა სოფელ რუხის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე აქცია მაინც გაიმართა, სადაც 40000 დევნილის ნაცვლად მხოლოდ 8 ათასმა შეძლო მოსვლა აღნიშნული ტერორის პირობებში. მე მხოლოდ მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ კონკრეტული ძალადობის ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან სამეგრელოსა და თბილისში და გთხოვოთ მიაქციოთ ყურადღება ამ ქმედებებს, რასაც ადგილი აქვს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, რადგან ამ ვითარებაში წარმოუდეგენელია წარმართო პოლიტიკური საქმიანობა და მოემზადო დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებისათვის, რაც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და განვითარების ერთადერთ და უალტერნატივო საშუალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ელის საერთაშორისო იზოლაცია და სააკაშვილის  დიქტატურის მარწუხები, რისი ნიშნებიც უკვე ნათლად იკვეთება.

ჩემი წუხილის ნათლად წარმოჩინებისათვის გიგზავნით ჩვენი პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსის ლაშა გვასალიას ოფიციალურ ანგარიშს.

უღრმეს მადლობას მოგახსენებთ წინასწარ, საქართველოსთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების არსში გარკვევისა და მათზე რეაგირებისათვის“.