საზოგადოება
პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ – მოხსენება

1gvasalia-saz1თბილისი, 24 მაისი, საქინფორმი. რეგიონული სამსახურის უფროსი ლაშა გვასალია პოლიტიკური პარტიისა „განახლებული საქართველოსთვის“ საქინფორმს ოფიციალურ მოხსენებას უგზავნის, რომელსაც მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ, რამდენადაც მასში მრავლადაა კონკრეტული საგანგაშო ფაქტი.

„მთელი კვირის განმავლობაში, 5-12 მაისის ჩათვლით, სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში ხალხი დილიდან ემზადებოდა,  12 მაისს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა მრავალათასიან შეკრებაზე წასასვლელად, რომელიც სოფელ რუხში (ზუგდიდის რ-ნი), ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 17:00 საათზე  უნდა გამართულიყო.

დევნილები და ადგილობრივი მოსახლეობა იკრიბებოდა რაიონული ცენტრების წინ, თუმცა ერთი კვირის განმავლობაში სპეცსამსახურებისა და პოლიციის მხრიდან არ შეწყვეტილა თვალთვალი, დაშინება, შანტაჟი და მუქარა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ხობის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმა ჭაკუა, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის დავით ჭაკუას ძმა. როგორც ცნობილი გახდა 12 მაისს, დილით, ხობის რაიონის სოფელ ყულევის გამგებელი თამაზ ნასარია, პოლიციელებთან და უბნის ინსპექტორებთან ერთად დადიოდა დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობასთან ოჯახებში და ემუქრებოდა მათ შანტაჟითა და ანგარიშსწორებით, კერძოდ, როგორც ადგილობრივები აცხადებდნენ, გამგებელი მათ მიმართ იყენებდა სიტყვიერ მუქარას, აშინებდა მათ ყოველგვარი სოციალური დახმარების მოხსნითა და სამაგალითო დასჯით, იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გაბედავდა და მონაწილეობას მიიღებდა სამეგრელოში დაგეგმილ დევნილთა ფართომასშტაბიან აქციაში. როგორც გვაცნობეს ჩვენმა აქტივისტებმა, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ხობის რაიონის სოფელ ქარიატის გამგებელი კახა მიქაბერიძე, რომელიც, ასევე, პოლიციელების თანხლებით დადიოდა მოსახლეობასთან ოჯახებში, აშინებდა მათ და აფრთხილებდა, რომ არ გამოსულიყვნენ შეკრებაზე და არ შეერთებოდნენ აქციას. გამგებელი პოლიციელებთან ერთად არ ერიდებოდა ახალგაზრდების დაშანტაჟებას, იწერდა მათ სახელებსა და გვარებს, აფიქსირებდა მათ ვიდეოკამერით და ემუქრებოდა, რომ ეს მასალები გადაგზავნილი იქნებოდა კუდისა და სოდის თანამშრომლებთან. იგივე მდგომარეობა იყო სოფელ ჭალადიდში. მოსახლეობის დაშინების ოპერაციაში განსაკუთრებით აქტიურობდა შავი ფერის ,,ჯიპი-სუზუკი” ნომრებით ,,OCO-181’’, რომელიც ეკუთვნის ადგილობრივი პოლიციის უფროსს. ასევე დაფიქსირდა,,ფოლკსვაგენის” მარკის თეთრი ფერის მანქანა, რომელიც ეკუთვნის ხობის პოლიციის უფროსის მოადგილეს, წარმოშობით ზუგდიდელ პიროვნებას. სპეცსამსახურების განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ მოექცა სოფელი შუახორგა, საიდანაც აქციაზე 400 დევნილი აპირებდა ჩასვლას და სოლიდარობის გამოცხადებას. თუმცა პოლიციელები აგრძელებდნენ კარდაკარ სიარულს და მოსახლეობის  დაშინებას.  აქციის დღეს პოლიციელებმა უკვე მძღოლებზეც მიიტანეს იერიში, ართმევდნენ საბუთებს, რომ მათ ვერ მოეხერხებინათ ადგილიდან დაძვრა და დევნილების გადაყვანა რუხში, მიუხედავად ამისა, ხალხი მზად იყო, ფეხით მისულიყო ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე და სოლიდარობა გამოეცხადებინა თავისი აფხაზი და ოსი თანამემამულეებისადმი. მე მივმართე საზოგადოებას, რომ თუ ხელისუფლება არ შეწყვეტდა ხელისშემშლელ ქმედებებს, პირადად მე, ლაშა გვასალია, მივმართავდი საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს, რომ 12 მაისის აქციის ჩაშლის შემთხვევაში, გამოვაცხადებდი მშრალ შიმშილობას ჩემს თანამოაზრეებთან ერთად და შევეწირებოდი ამ საქმეს. ხალხში გაჩნდა ნდობა. დევნილები იმედით უყურებდნენ შეკრების ორგანიზატორებს და მონაწილეებს და არავის მივცემდით უფლებას ეს იმედი ჩაექრო  ხალხისთვის, რომლებსაც სავსებით მშვიდობიანად სურდათ აქციის ჩატარება, თავიანთი აფხაზი და ოსი მოძმეებისადმი სოლიდარობის გამოცხადება და თავიანთ სახლებში დაბრუნება. თუ ამ ადამიანებს არ მიეცემათ ეს შესაძლრბლობა, ქვეყანა ხელში ჩაუვარდებათ იმ ხალხს, რომელიც საქართველოს დაღუპვისკენ მიაქანებს. ვიცი, რომ ჩემს მიმართ ხორციელდება ტერორი, ამ ქმედებებმა დაადასტურა, რომ ხელისუფლებას არ სურს აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის შერიგებისა და ერთობის პროცესის დაწყება და იგი მზად არის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შევიდეს ნატოში. ასეთ მაგალითს უჩვენებს დღევანდელი ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგრობრობას და ჩვენს თანამემამულე აფხაზებსა და ოსებს. 12 მაისს მივიღე ჩემი აფხაზი კოლეგის, ცნობილი მწერლის არქა ემხვარის წერილი, რომელსაც ხელს აწერენ აფხაზი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, სადაც ისინი გვწერენ, რომ სოლიდარობას უცხადებდნენ შერიგებისა და ერთობის პროცესის დაწყებას და მზად იყვნენ 12 მაისი გამოაცხადებინათ აფხაზთა, ქართველთა და ოსთა შერიგების დღედ, აფხაზები აპირებდნენ საზღვარზე გადმოსვლას, მაგრამ ადგილობრივი ძალოვანებისა და ხელისუფლების ქმედებებმა, შანტაჟმა, რომ ისინი მათ დაიჭერდნენ საზღვრის უკანონო გადმოკვეთისათვის, შeდეგი გამოიღო და ვერავინ აიღო პასუხისმგებლობა მათ უსაფრთხოებაზე. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ ხელი აიღო აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პროცესზე და საზოგადოებისათვის უცნობ

გეგმას ამუშავებს ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში.

უახლესი ინფორმაციით, სამეგრელოს სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობა და დევნილები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა მშვიდობიან აქციაში კუდისა და პოლიციის მხრიდან ხდებიან ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის მსხვერპლნი. ჩვენი პარტია აგრძელებს ამ ფაქტების შესწავლას, რომელიც დაუყოვნებლივ მიეწოდებათ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.

12 მაისის შემდეგ ჩემი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ერთიდაიგივე სატელეფონო ნომრიდან (599 20 97 68) მუდმივად უკავშირდებიან და ჩემი ლიკვიდაციით ემუქრებიან. ჩემს ახლობლებს აშინებენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავენ. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ,,ტყის ძმების”(შეიარაღებული დაჯგუფება) მეთაური დათო შენგელია იმ პირობით შემოირიგა, რომ მას პარტიზანების მობილიზება მოეხდინა. ეს ხალხი ოფიციალურადაა მიღებული კუდ-ში (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში) და მათ იარაღის ტარების უფლება მისცეს. დადის ხმები, რომ თუ მე ვერაფერს მომიხერხებენ, არჩევნების წინაპერიოდში ჩემი ოჯახის წევრებს გაიტაცებენ და აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაიყვანენ.

ამასთანავე ექსცესებისა  და ძალადობის გარეშე არ ჩაუვლია მრავალათასიან აქციას თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ, როდესაც პოლიციამ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გამო, უკანონოდ დააკავა პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის“ ახალგაზრდა მხარდამჭერები ლაშა ჯავახიშვილი, დევი ნანობაშვილი და გოჩა მანჯავიძე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირები დაკავებული იყვნენ ტრანსპორტის მოძრაობის ხელშეშლის მიზეზით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ  ლაშა ჯავახიშვილს, დევი ნანობაშვილს და გოჩა მანჯავიძეს  20 დღიანი  ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევისათვის დაადგინა, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას  წვრილმანი ხულიგნობისა   და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის. ამასთანავე სასამართლო პროცესი კანონდარღვევით ჩატარდა, რადგან  პარტიის  დაკავებულ წევრებს არ  მიეცათ საშუალება ესარგებლათ ადვოკატის მომსახურებით და  დროულად არ განემარტათ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. არ დაიკითხნენ პირები, რომლებიც შემთხვევის უშუალო მოწმეები იყვნენ. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების დაკავებას პარტიის ლიდერი ნანა გულუა გამოეხმაურა, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა პოლიციის მიერ განხორციელებული ქმედება და უსამართლო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ესოდენ მკაცრი განაჩენი გამოუტანა უდანაშაულო ახალგაზრდებს. ,,გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ მშვიდობიან აქციას, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდა - მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, ქართველთა, აფხაზთა და ოსთა შერიგებისა და ერთობისთვის მზაობა, ჩვენი სამშობლოს გაერთიანების სურვილი, ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა. როგორც დედა და ქალი, გულით ვუთანაგრძნობ ამ შესანიშნავი ახალგაზრდების მშობლებს ამ ფაქტს და მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებს ყველაზე უკეთ აქვთ გაცნობიერებული, თუ რა მძიმე რეჟიმის პირობებში ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა და რომ ასეთ ბიჭებს ამ ქვეყანაში მომავალი არა აქვთ. მათ ახლა იწვნიეს პოლიციური სახელმწიფო მანქანის მთელი სიმძიმე და ვფიქრობ, რომ ისინი აუცილებლად გააგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისა და ნამდვილი დემოკრატიისათვის.“

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი პარტიის ლიდერებისა და აქტივისტების სარჩელი, სადაც ისინი მოითხოვდნენ უკანონოდ დაკავებული სამი ახალგაზრდის გათავისუფლებას. ამ პირობებში მოქმედი სასამართლოსგან, რომელიც არნახულ ზეწოლას განიცდის ხელისუფლებისაგან, სხვა გადაწყვეტილებას არც ველოდით. ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი არჩევნებამდე და ხელისუფლებისაგან ბევრი უსამართლობისა და სიურპრიზის გადატანა მოგვიწევს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და მედია უყურადღებოდ არ დატოვებენ საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას და დროულად მოახდენენ რეაგირებას ყველა კანონდარღვევაზე. ჩვენს მხრივ კი უზრუნველყოფილი იქნება ინფორმაციის მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს წინასაარჩევნო პროცესის ღიაობასა და გამჭვირვალობას”.