რელიგია
თბილისი, 24 მაისი, საქინფორმი. მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღესრულება.
როგორც ჟურნალისტებს საპატრიარქოში აცნობეს, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) აღავლენენ.
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, ზეიმობს.წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.
აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ.
ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ. მათ შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს.