პოლიტიკა
თბილისი, 24 მაისი, საქინფორმი. როგორც პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტში განაცხადეს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტს ხელმოსაწერად ჯერ არ გადაგზავნია.
პარლამენტს მიღებული კანონპროექტის პრეზიდენტისთვის გადასაგზავნად 7-დღიანი ვადა აქვს. კონსტიტუციაში ცვლილება 22 მაისს დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის 1 იანვრამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დაბადებულია საქართველოში და ბოლო 5 წელი ცხოვრობს საქართველოში, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. აღნიშნულ პირზე არ გავრცელდება ის შეზღუდვები, რომლებიც ორმაგი მოქალაქისთვის პრემიერმინისტრობის, პარლამენტის თავმჯდომარეობისა და პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების აკრძალვას ეხება.ცნობილია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებით არ ისარგებლებს.
საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც პრეზიდენტი მოაწერს ხელს და ის „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება.