პოლიტიკა
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა მოსკოვში

1karasin-politika-3თბილისი, 23 მაისი, საქინფორმი. მოსკოვში აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენას აუცილებლობად მიიჩნევენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები მიიღო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „შეხვედრაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან საზღვრებზე არსებული სიტუაცია განიხილეს“.

„აღინიშნა აფხაზეთისა და საქართველო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რეგულარული საქმიანობის აღდგენის აუცილებლობა“, – ნათქვამია ლავროვის უწყების განცხადებაში.

შეხვედრაზე ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მოსამზადებელი სამუშაოებიც განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ გალში 24 აპრილს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 36-ე შეხვედრა უნდა გამართულიყო, რომელიც ჩაიშალა. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი, გენერალი ანჯეი ტიშკევიჩი მისი „კონფრონტაციული პოზიციის“ გამო „პერსონა ნონ გრატად“გამოაცხადა.